ტელეკომპანია "ფორმულას" ცნობით, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ეთნიკურად ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქე "მთავარი არხის" ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას, მოსაკლავად იყო ჩამოსული.
ტელეკომპანია ამ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, 20:00 საათისთვის ბრიფინგი ჩანიშნა.
2019 წლის ივლისში ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსთავის 2-ის თერში, "პოსტ სკრიპტუმის" პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რუსულად აგინა.
მოგვიანებით გაბუნიას მონოლოგს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი გამოეხმაურა და დაიმუქრა. კადიროვმა დაწერა, რომ "მსოფლიოში მილიონი ახალგაზრდაა, რომლებიც ღრმად სცემენ პატივს ვლადიმირ პუტინს" და რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს", თორემ მისივე თქმით, "პირველივე შემხვედრმა შეიძლება, გაუკეთოს ის, რასაც იმსახურებს".