ნიკა კვარაცხელია: "წელს ტურიზმის სექტორში მინიმუმ 60%-იან ვარდნას ველოდები"
ირაკლი ლომიძე
15.06.2020

შიდა ტურიზმი ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა დარგს სიცოცხლის ნიშანწყალი ჯერჯერობით არ ეტყობა. სამწუხაროდ, არც ჩანს, რომ მდგომარეობა შეიძლება გამოსწორდეს. მიუხედავად იმისა, რომ დამსვენებლების მოსაზიდად სასტუმროებში ფასიც შეამცირეს კიდეც, ამან მოქალაქეები ჯერ ვერ დააინტერესა. ცალკე კორონავირუსის შიშით, ცალკეც უსახსრობის გამო ადამიანები სამშობლოში დასვენებას ვერ ახერხებენ. 

სურამში მდებარე ერთ-ერთი საოჯახო ტიპის სასტუმროს მფლობელი ლია სტეფნაძე ამბობს, რომ ტურისტებს გარკვეული ფასდაკლება შესთავაზა, მაგრამ ჯერჯერობით სულ რამდენიმე შეკვეთა მიიღო.

,,შეკვეთებს წინასწარ ვიღებ ხოლმე. უმეტესად საკუთარი კლიენტები გვსტუმრიბენ, რომლებსაც უკვე წლებია ვემსახურებით. შარშან ერთი ადამიანის დასვენების ღირებულება რეალურად 30 ლარი იყო. წელს 25 ლარად ვაპირებთ ნომრების გაქირვებას, მაგრამ ჯერჯერობით მოთხოვნა არ არის. ორიოდე ნაცნობი გამომეხმაურა და ისინიც კი მერყეობენ, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ძალიან რთული სეზონი გველის“, - აღნიშნა ლია სტეფნაძემ.

ანალოგიური პრობლემაა ზღვისპირა კურორტებზეც. ბათუმში მდებარე მცირე სასტუმრობს მფლობელმა ლაურა შველიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს“ აცნობა, რომ სეზონს ცარიელი ნომრებით ხვდება.

,,სანაპიროები ცარიელია, შარშან ამ დროს დიდი აქტიურობა იყო. თვის ბოლოსთვის რამდენიმე შეკვეთა მაქვს, მაგრამ ჩამოვლენ თუ არა სტუმრები კორონას გავრცელების მასშტაბზეა დამოკიდებული. ზოგს ფული არ აქვს და ვერ ისვენებს. ვისაც შესაძლებლობა აქვს, ეპიდემიის შიშით გაგვირბის. მირჩევნია, დავზარალდე და ფასი შევამცირო, ნებისმიერ შეღავათზე მივდივარ, მაგრამ ხალხში მოტივაციის ამაღლება ძალიან რთულია. პირადად მე, ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი და მიმაჩნია, რომ სეზონი ჩაგვივარდება“, - განაცხადა სასტუმროს მფლობელმა.

ტურიზმის სფეროს სპეციალისტი ნიკა კვარაცხელია ფიქრობს, რომ წელს შიდა ტურიზმი ვერ გაამართლებს. ეპიდემიასთან დაკავშირებული რისკი, დასვენების მაღალი ხარჯი და შემოსავლების კლება ძირითად მიზეზებს შორისაა, რის გამოც, შიდა ტურიზმს პრობლემა აქვს. კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაა უცხოურ ტურებთან დაკავშირებით, სადაც  ქვეყანას წელს დიდი დანაკარგი ელის.

,,შექმნილ სიტუაციაში სწორად მიმაჩნია მსოფლიო ტურიზმის ასოციაციის  რეკომენდაცია, რომელიც  შიდა ტურებს უკავშირდება, თუმცა საქართველოს შემთხვევაში იგი ნაკლებად ამართლებს. მართალია, გვთავაზობენ, რომ საქართველოშივე ვიმოგზაუროთ, მაგრამ სამშობლოში დასვენების კულტურა ჩვენთან მაინც და მაინც განვითარებული არ არის. ამასთან, ქალაქის მაცხოვრებელთა 50%-ს სოფელი აქვს ან ნათესავს სტუმრობს. ამით ფული არ კეთდება და ეს შიდა ტურიზმი არ არის. 

ზღვაზე ბევრი ვერ წავა, რადგან დასვენება შესაძლებლობაზე იქნება დამოკიდებული, რაც ახლა უკვე საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ერთი მხრივ, შემცირდა მოსახლეობის შემოსავლები და არც უსაფრთხოების გარანტია არის მაღალ დონეზე. ჩემი აზრით, ყველაზე მოთხოვნადი იქნება დასვენება თბილისის შემოგარენში, რაც მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში ტრადიციული იყო. დედაქალაქთან ახლოს მდებარე კურორტებზე  ახლაც აქტიურობაა, თუმცა შიდა ტურიზმი იმ გაგებით, როგორც ჩვენ ახლა გვესმის, ნაკლებად იქნება მაღალი ტარიფებისა და ამავე დროს გადაადგილების პრობლემის გამო. 

ივლისის ბოლოს ტენდენცია გამოიკვეთება. ალბათ, ძალიან მცირე ნაწილი შეძლებს დასვენებას, რაც არ უნდა ვიძახოთ, ჩვენ არ ვართ ტურისტული ერი, ამიტომ შიდა ვიზიტებზე ჯერჯერობით დიდ იმედს ვერ დავამყარებთ", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ნიკა კვარაცხელიამ.

რაც შეეხება უცხოელ დამსვენებლებს, მისი აზრით, ახლა აზუსტებს მსოფლიო, რომელი ქვეყნებია უსაფრთხო და ამის მიხედვით გადანაწილდებიან დამსვენებლები სხვადასხვა ქვეყნებში.  

,,შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო იყოფა ტურისტების მიმღებ და გამგზავნ ქვეყნებად. არსად შეუშვებენ ხალხს, სადაც საშიში სიტუაციაა. ფულის გულისთვის არავინ მიიღებს უცხოელებს, თუ არ დარწმუნდებიან, რომ მათგან ვირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. შესაბამისად, სადაც ნაკლები იყო ეპიდემია და ქვეყანა ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებს აწარმოებს, ტურისტების ინტერესს მეტ-ნაკლებად შეინარჩუნებს. არავითარ შემთხვევაში არ შემცირდება სამკურნალო ტურიზმი, მაგრამ ეს მიმართულებები საქართველოში დაბალ დონეზეა და ამ მიზნით ტურისტებს ვერ მოვიზიდავთ", - განაცხადა ნიკა კვარაცხელიამ და დასძინა, რომ ტურიზმი საქართველოში, მინიმუმ, 60%-ით შემცირდება. 

მას შემდეგ, რაც ისრაელიდან საქართველოში ტურისტების ჩამოსვლა გადაიდო, უფრო გამოიკვეთა საფრთხე, რაც შეიძლება ტურისტულ სექტორს დაემუქროს. მსოფლიო ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, უცხოურ ტურებს ქვეყანაში ნაკლები პერსპექტივა აქვს. 

,,მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს ტურისტების მოზიდვას და აქტიურ კამპანიას ეწევა, მაგრამ ჩვენს აქცენტებზე ბევრი რამ არ არის დამოკიდებული. ტურიზმი ორმხრივი პროცესია, დამსვენებელს უნდა სურდეს საქართველოში ჩამოსვლა და ჩვენ მათი მიღება და მოთხოვნილი პირობების დაკმაყოფილება შეგვეძლოს. ვხედავთ, რომ ვისზეც აქცენტი გვქონდა, იქ ეპიდემიური ვითარება გართულდა. ისრაელი არ არის უსაფრთხო ქვეყანა. ერთ ტურისტს შეუძლია უამრავი მასპინძელი დააინფიციროს, ამიტომ ევროპაც. 

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ივარაუდა, რომ განახევრდება შემოსავლებიო, მაგრამ სინამდვილეში უფრო ნაკლები იქნება, მინიმუმ, 60%-იან კლებას ველოდები. თუკი ევროპა არ ამოძრავდება, ტურისტულ სეზონს ვერც საქართველოში გავააქტიურებთ", - აღნიშნა კვარაცხელიამ.

წლევანდელი ტურისტული სეზონის შესაძლებლობას უფრო ოპტიმისტურად უყურებს ექსპერტი მანანა ალადაშვილი, რომლის აზრითაც, თბილისისა და ბათუმის უსაფრთხო ქალაქებად აღიარებით საქართველოში ტურისტული ინდუსტრია ახალ ძალას შეიძენს, რაც დარგს კრიზისის დაძლევაში უნდა დაეხმაროს. 

,,უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი დიდი მიღწევაა საქართველოსთვის. ეს არის შესაძლებლობა, რაც დარგს კრიზისიდან გამოიყვანს. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება შემომსვლელ ტურებს განსაკუთრებით გააქტიურებს, ამ მხრივ გარკვეულ წარმატებას უნდა ველოდოთ.

 მნიშვნელოვანია, რომ კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველო შვიდეულშია.  ჩვენი ქვეყნისთვის ეს დიდი იმიჯია. აქტიური სეზონი 15 ივლისიდან დაიწყება, ხოლო სექტემბერ-ოქტომბერში ძალიან დავწინაურდებით, ამისთვის ბევრი იბრძოლა მთავრობამ. ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ტურისტულ ინდუსტრიაში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, მან შეძლო, რომ ამაში მსოფლიო დაერწმუნებინა. მომსახურების მხრივ ტურისტებს ქართულ კურორტებზე დაბრკოლება არ უნდა შეექნეთ, დარგი სტაბილურად ვითარდება და საერთაშორისოდ მიღებულ ნორმას მეტ-ნაკლებად პასუხობს", - განუცხადა ალადაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს“.

ექსპერტის შეფასებით, სამკურნალო კურორტების მიმართ ინტერესი გაგრძელდება, მაგრამ ამისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მოპოვება, რაც დიდწილად ეპიდემიასთან ბრძოლის შედეგზე იქნება დამოკიდებული. საქართველოს სამკურნალო ტურიზმის მიმართ რუსეთიდან და ევროპული ქვეყნების მხრიდან ინტერესი ამ ეტაპზეც დიდია და ქვეყანამ დარგის უფრო მეტად განვითარებისთვის მაქსიმალური რესურსი უნდა ჩადოს.

ტურიზმის სექტორში არსებულ რისკს მთავრობაც აცნობიერებს. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით,  ტურიზმიდან შემოსული იმპორტირებული ინფიცირება შემდგომ ქვეყანას შეიძლება იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი ისეთ ტურიზმს არ ექნება. ამიტომ, როგორც პრემეირი ამბობს, აქ ფრთხილი, დაბალანსებული, გონივრული ნაბიჯებია საჭირო როგორც ეპიდემიოლოგიური რისკების დასაზღვევად, ასევე ეკონომიკის აღსადგენად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×