რეზონანსი
15.06.2020

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ ლოპოტის ტბაზე, დიპლომატებთან შეხვედრისას, აშშ-ის მთავრობას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ საქართველოს დღეს ლუგარის ლაბორატორია აქვს. მისივე განცხადებით, მთავრობის მიზანია, აღნიშნულმა ლაბორატორიამ დღეში 10 ათასი PCR-ტესტის ჩატარება შეძლოს.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ეტაპობრივად გავხსენით ეკონომიკა. დღეს ჩვენი აქ შეკრების მიზეზი და შესაძლებლობაც, რამაც მოგვცა შეკრების საშუალება, არის ის, რომ ქვეყანაში შიდა ტურიზმი არის გახსნილი, მაგრამ დღეს ჩვენს ამოცანას, რაშიც თქვენი დახმარებაც დაგვჭირდება, ვხედავთ იმაში, რომ საქართველომ უნდა შექმნას ხარისხიანი ტესტირების მთელი ქსელი, იმისთვის, რომ გვქონდეს ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენის შესაძლებლობა, რათა არაფერი გაგვეპაროს მაშინ, როცა ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობები და გადაადგილების თავისუფლება არაა შეზღუდული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ დიპლომატებთან იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს და აღნიშნა, რომ ეკონომიკური წინსვლისთვის საჭიროა, ვირუსის სწრაფი გამოვლენის სისტემის არსებობა.

„თქვენ, ყველამ, ჩემზე კარგად იცით, რომ საქართველო, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არაა მდიდარი ქვეყანა. ეკონომიკურად, საქართველოს უჭირს, საქართველოს ბევრ მოქალაქეს უჭირს. მათთვის ყოველდღიური შემოსავლის არქონა, გაქრობა, შეზღუდვა სერიოზული პრობლემაა. ამიტომ, ჩვენ გვესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც სახელმწიფოსა და მთავრობაზეა. ჩვენი პასუხისმგებლობა მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც სწრაფად გამოავლენს ინფიცირების ფაქტს, სწრაფად უმკურნალებს მოქალაქეს და დააბრუნებს ნორმალურ ცხოვრებაში. დღეს თუ ჩვენ გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ოდნავი ზრდა, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და შემიძლია გითხრათ, რომ თუ, მაგალითად, ლუგარის ლაბორატორია, რომლისთვისაც კიდევ ერთხელ უნდა გადავუხადოთ მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ეპიდემიის დაწყებისას დღეში 100-150 PCR-ტესტს აკეთებდა, დღეს შეუძლია 4 500 ტესტის ჩატარება და ჩვენი ამოცანაა, რომ წლის ბოლომდე, საქართველოში უნდა შეგვეძლოს დღეში 10 ათასი ტესტის ჩატარება. ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენ უფრო თამამად გავხსნათ ეკონომიკა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×