რეზონანსი
15.06.2020

თანმიმდევრულმა რეფორმებმა და თავისუფალი ბაზრის პოლიტიკამ საშუალება მისცა საქართველოს, გამხდარიყო სამაგალითო ქვეყანა პანდემიის მენეჯმენტში მაშინ, როდესაც ეს დიდმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს. პრეზიდენტმა მაკრონმა არა მხოლოდ უნდა მიულოცოს თავის ქართველ კოლეგებს, არამედ ინსპირაციად გამოიყენოს მათი წარმატება",- ამის შესახებ ფრანგული გამოცემა „la tribune" წერს.

როგორც ავტორი აღნიშნავს, საქართველოში COVID-თან დაკავშირებული სიკვდილიანობის მცირე რაოდენობა მიგვითითებს იმაზე, რომ აქ ეკონომიკა სხვა ქვეყნებზე სწრაფად აღდგება.

„მარტივი და მიმზიდველი საგადასახადო სისტემისა და პრაქტიკულად არარსებული საბაჟო გადასახადების წყალობით, საქართველო დღეს ერთ-ერთ ყველაზე ღია ქვეყნად მიიჩნევა საერთაშორისო ვაჭრობისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციისთვის. ასევე, გაუქმდა იმპორტის ნებართვები და ლიცენზიები იმის საფუძველზე, რომ სერიოზული ქვეყნის (აშშ, ევროკავშირი და ა.შ.) ოფიციალური სააგენტოს მიერ დამტკიცებული ნებისმიერი პროდუქტი დე ფაქტოდ გაყიდვადია საქართველოში. ამან მნიშვნელოვნად შეამცირა კორუფციის შესაძლებლობები.

ჯანდაცვის თვალსაზრისით, მესამე მხარის სასერტიფიკატო პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა საუკეთესო დასავლური მკურნალობის ჩატარება, დეფიციტის საშიშროების გარეშე. ხელსაყრელმა ბიზნესგარემომ საშუალება მისცა საქართველოს, რომ კრიზისის პერიოდში პრეპარატის 4 მწარმოებელი კომპანიის იმედი ჰქონოდა. გარდა ამისა, რიგი რეფორმების შემდეგ, ქვეყანა სარგებლობს კერძო ჩარჩოს გარშემო ორგანიზებული ჯანდაცვის სისტემით, რაც მოსახლეობის 90%-ს აუცილებელი სამედიცინო დახმარების გამოყენების საშუალებას აძლევს. ქართველები დადებითად აფასებენ საავადმყოფოების სისტემას მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი მედიცინის სფეროში პროგრესი კვლავ აუცილებელია. მთავრობამ საავადმყოფოებს მკურნალობის არჩევის სრული თავისუფლება მისცა და არ ეცადა ნიღბების, გელებისა და ა.შ. დისტრიბუციის მონოპოლიზაციას, რაც საფრანგეთის ვარიანტის საწინააღმდეგოა. შედეგი - საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 21 მარტს გამოცხადდა, დასრულდა 23 მაისს, ხოლო ქვეყანა 2020 წლის 1-ლი ივლისიდან საზღვრებს გახსნის საერთაშორისო ტურისტებისთვის.

დამკვირვებლები შეშფოთებულნი არიან იმ გავლენით, რაც COVID-19-ს შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორებზე, მაგალითად, ტურიზმზე. ეკონომიკურად ყველა ქვეყანა დაზარალდება, მაგრამ საქართველოში COVID-თან დაკავშირებული სიკვდილიანობის მცირე რაოდენობა მიგვითითებს იმაზე, რომ აქ ეკონომიკა სხვა ქვეყნებზე სწრაფად აღდგება. OECD-მ შეაქო ქვეყანა საგანმანათლებლო საქმიანობისთვის და მისი დისტანციური სწავლების სისტემა ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნია. ეს შესაძლებელი გახდა ესტონურ მოდელზე მორგებული ადმინისტრაციის დიჯიტალიზაციის ნებაყოფლობითი პოლიტიკის მეშვეობით და სკოლებისთვის მიცემული პედაგოგიური ავტონომიით, რომლის არჩევაც თავისუფლად შეუძლიათ მშობლებს და რომლის (საჯარო) დაფინანსება ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული. საფრანგეთის ჰიპერცენტრალიზაციისგან განსხვავება კვლავ შესამჩნევია",- წერს ფრანგული გამოცემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×