
13 ივნისს, საქართველოში კორონავირუსით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა. 65 წლის, პროფესიით ინჟინერი მამაკაცი ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განმარტებით, მამაკაცს ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
გარდაცვლილი მე-14 პაციენტის ოჯახის ახლობელი კი ჰყვება, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს პაციენტს სხვა თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
„2 ოქტომბერს შეუსრულდებოდა 66 წელი. არანაირი ქრონიკული დაავადება არ ჰქონია. ძალიან ჯანმრთელი და ენერგიული ადამიანი იყო. უპასუხისმგებლო ხელმძღვანელობის გამო, სიცხიანი მთელი კვირა სამსახურში დადიოდა და ეს პირველი შემთხვევა არ იყო, რომ სიცხიანს ამუშავებდნენ.
წლობით არ უშვებდნენ კუთვნილ შვებულებაში. შაბათ-კვირასაც ამუშავებდნენ. გამოაცალეს ყველანაირი რესურსი. 4-5 დღე იყო სიცხიანი. ჩვენ ასე გვითხრა, თუმცა როგორც თანამშრომლები ამბობენ, მანამდეც დაბალი სიცხე აღენიშნებოდა.
ვითომ კარანტინში იყო ბანკიდან… არადა, უფიქსირდებოდა სიცხე და მაინც მოდიო ეუბნებოდნენ. დაახლოებით, 12 კაცი იყვნენ თუ მეტი ერთად არ ვიცი. რა თქმა უნდა, ყველას დაუდგინდა ვირუსი.
თერმომტრიც არ ჰქონდათ და მერე დედაჩემმა გაუგზავნა, ის კი არა საჭმელზეც თითონ გადიოდნენ მაღაზიებში. გარდა ამისა, სახლში, სადაც ცხოვრობდა ამდენი ხალხი ერთად, 2-2 კაცს ერთ ლოგინში ეძინათ, გათბობა არ ჰქონდათ. ცხელი წყალიც კი ცუდად მოდიოდა. დილით სამსახურში მიდიოდნენ, უბრალოდ, საღამოს სახლის ნაცვლად ამ სახლში ბრუნდებოდნენ.
ბოჭორიშვილში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, მაგრამ დამატებით იქაც დაუმძიმდათ, რადგან რეანიმაცია არ ჰქონდათ. როცა რატიანთან გადაიყვანეს უკვე კრიტიკულად იყო და შემდეგ უკვე იცით, რატიანმა რაც ჩამოთვალა, რამდენი გართულება ჰქონდა.
სანამ ბოჭორიშვილში იყო თითქმის არ გვეკონტაქტებოდა ,ისე ცუდად იყო დღეში ერთხელ ძალიან მოკლე პასუხებით გვწერდა. რატიანთან რომ გადაიყვანეს კომუნიკაცია აღარ გვქონია, გონზე აღარ იყო.
და კიდევ ამ ხალხს ჰგონია, რომ ეს ვირუსი ჯანმრთელ ხალხს არ კლავს. უგონებენ, რომ სხვა რაღაცებიც სჭირდა” - ამბობს გარდაცვლილი პაციენტის ახლობელი “ფორტუნასთან”.
წყარო: "ფორტუნა"