
საქართველო პანდემიასთან ბრძოლაში წარმატებული ქვეყანა და უსაფრთხო დანიშნულების ადგილია, რაც საერთაშორისო დონეზე აღიარებული ფაქტია, ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა Gurcuhaber-თან ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა, რომლის საფუძველზეც ინერგება უსაფრთხოების ახალი სტანდარტები. აქტიურად გრძელდება მოლაპარაკებები საერთაშორისო დონეზე ე.წ. უსაფრთხო მიმართულებების იდენტიფიცირებისა და ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების შექმნის მიმართულებით.
„შექმნილი გლობალური პანდემიის ფონზე, განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება შიდა ტურიზმს, თუმცა, ამავდროულად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვიზიტორების მიღება. საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი კვლავ საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაა, რათა Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატება საფრთხის ქვეშ არ დადგეს. ამავდროულად, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ისრაელი და სხვ.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნება ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში არსებული ეპიდსიტუაციის მიხედვით. ასევე, ამოქმედდა სპეციფიკური რეგულაციები სასტუმროებისთვის, რომლის თანახმადაც განთავსების ყველა ობიექტს ადგილზე შეამოწმებს ჯანდაცვის სამინისტრო და მხოლოდ მათთვის შემუშავებული რეკომენდაციების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ ისინი როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების მასპინძლობას.
ამის გათვალისწინებით, პირველი ივლისიდან იგეგმება სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად, ასევე, ფრენების ეტაპობრივი აღდგენა. რაც შეეხება ჩვენს მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორს - თურქეთს, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის გრძელდება მჭიდრო კომუნიკაცია და მიმდინარეობს მუშაობა, რათა ერთობლივად განისაზღვროს ერთგვარი სამოქმედო გეგმა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.
აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში შედგა საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრების საკმაოდ ნაყოფიერი სატელეფონო საუბრები", - აღნიშნა ელჩმა.
მისივე თქმით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული მყარი სტრატეგიული პარტნიორობა და სამაგალითო კეთილმეზობლური ურთიერთობები პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდა.