
„ცოტა გაკვირვებული და კმაყოფილი ვადევნებდი თვალს, ეპიდემიის და შემდეგ პანდემიის გაჩენის პირველი თვე-ნახევრის განმავლობაში როგორი კონსოლიდირებული იყო საზოგადოება, პოლიტიკური პოლარიზაციაც კი მივიწყებული იყო", - ამის შესახებ პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა „შემდეგი გაჩერების" ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველომ ამ დაავადებასთან ბრძოლაში წარმოაჩინა კრიზისის მართვის შესაშური უნარი, ისეთი, როგორიც ვერ აჩვენეს ევროპის და ამერიკის წამყვანი ქვეყნების მთავრობებმა.
„ჩვენ უნდა შევეცადოთ შევინარჩუნოთ ის, რასაც მივაღწიეთ... გარკვეული თვითცენზურა, უსაფრთხოების წესები, რომელიც გამოგვიმუშავდა და რომელსაც საგანგებო მდგომარეობის და შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც ჯერჯერობით ვასრულებთ - პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია და სხვა. უნდა შეველიოთ განწყობას, რომ აღარ არის საჭირო ანგარიში გავუწიოთ კოვიდის საფრთხეს, რომ კოვიდი დამარცხებულია და უკვე შეგვიძლია ვაკეთოთ ყველაფერი. ამ განწყობას უნდა შეველიოთ. ჩვენი პირველი შემდეგი გაჩერება იქნება ის, თუ რა მდგომარეობაში ვიქნებით მას შემდეგ, რაც მთლიანად მოიხსნება შეზღუდვები და რაც გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება".