
მეუღლის კორონავირუსით ინფიცირების გამო უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.
„უკრაინის პრეზიდენტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის იმის გამო, რომ მის მეუღლეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი თავისი უფლებამოსილების ვინმესთვის დელეგირებას ვერ შეძლებს. პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას მოვალეობების შესრულების შესაძლებლობას აძლევს", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურად გადის კორონავირუსზე ტესტირებასა და სამედიცინო შემოწმებას. აღსანიშნავია, რომ უახლოეს დღეებში პრეზიდენტის მონაწილეობით დაგეგმილი შეხვედრები გაუქმდება. პრეზიდენტი ასევე არ მიიღებს მონაწილეობას მასობრივ ღონისძიებებში და კონტაქტი მხოლოდ დაცვის წევრებთან და უახლოეს თანაშემწეებთან ექნება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლეს, ელენა ზელენსკის კორონავირუსი დაუდგინდა.