"აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდება და ეს შეეხება ბაზრის თითოეულ მონაწილეს"
თამარ მუკბანიანი
12.06.2020

ფინანსურ ბაზარზე გატარებული რეგულაციების შედეგად, 2 წელიწადში სესხის ონლაინ გამცემი ორგანიზაციების პორტფელი 185 მლნ-დან 25 მლნ-მდე შემცირდა. წლიდან წლამდე იკლებს თავად მიკროსაფინანსოების რაოდენობაც. ახლა კი ბაზარს, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშე ,,ვისვუსიც“ ტოვებს, რომელიც გაკოტრდა. ,,რეზონანსი“ დაინტერესდა, რატომ გადიან ბაზრიდან ძლიერი კომპანიები და ასევე, რა როლი ექნება ამას ზოგადად საფინანსო ბაზარსა და ასევე, სესხებზე ხელმისაწვდომობაში. 

თავდაპირველად რეგულაიცები ხელისფულებამ და ეროვნულმა ბანკმა, ჭარბვალიანობის შემცირების აუცილებლობით ახსნა, თუმცა ამან მისო-ებისა და ონლაინ სესხების ბაზარი მთლიანად ჩამოშალა. ერთიმეორის მიყოლებით დაიხურა ათეულობით ორგანიზაცია და ახლა გაირკვა, რომ მათ რიგებს "ვივუსიც" შეუერთდა. ამის შესახებ კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის შესახებ გამოქვეყნებული ჩანაწერიდან ხდება ცნობილი.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდება სარეგისტრაციო ჩანაწერი, რომლითაც "ვივუსი", ანუ "4 ფინანსს" მისო-ს სტატუსი მიენიჭა.

ლატვიაში რეგისტრირებული ჯგუფი  საქართველოს ბაზარზე 2013 წელს შემოვიდა და მალევე ონალინ-სესხების ბაზარზე ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია დაიკავა. კომპანია თავდაპირველად, სხვა ონლაინ-სესხების პროვაიდერების მსგავსად შპს-ს სტატუსით საქმიანობდა, 2016 წლის 29 დეკემბერს კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი მიიღო.

"ბიემის" ინფორმაციით, 2016 წელს "ვივუსის" შემოსავალი 81,88 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგება 40.6 მილიონი ლარი იყო. 2017 წელს კომპანიის შემოსავალი 30.9 მილიონ ლარამდე შემცირდა, ხოლო წმინდა მოგება კი 4.77 მილიონი ლარის ზარალით შეიცვალა. კომპანიას ზარალი ჰქონდა 2018 წელსაც და ის 19.9 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო მისი შემოსავალი 29 მილიონი ლარი იყო. ზარალიანი იყო 2019 წელიც, როდესაც ვივუსის შემოსავალმა 3.6 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა ზარალმა 6.1 მილიონი ლარი შეადგინა.

დღეს საქართველოს ბაზარზე 42 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 20 მათგანის ლიკვიდაცია დაიწყო. ბაზარზე ცვლილებები, ძირითადად, იმ რეგულაციებს უკავშირდება, რომელთა დანერგვაც მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრით დაიწყო. 2017 წელს მაქსიმალური განაკვეთი 100%-ით განისაზღვრა, რაც მაშინ ონლაინ სესხების "საბაზრო" განაკვეთზე რამდენჯერმე დაბალი იყო. 2018 წელს კი საპროცენტო განაკვეთის ჭერი 50%-ით განისაზღვრა. 

ონალინ სესიხს გამცემების დახურვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რომ სწორედ რეგულაციის დაწესებაა, ადასტურებს ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე. რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ პროცესი უკვე 2 წელია გრძელდება და ცუდია როგორც ფინანსური, ასევე სამომხმარებლო ბაზრისათვის. 

,,ვივუსი საკმაოდ უხერხული კომპანია იყო. სანამ რეგულაციები შეზღუდავდა ძალიან მაღალ პროცენტებს ახდევინებდა კლიენტებს ისე, რომ ხშირ შემთხვევაში მათ წინასწარ არც კი იცოდნენ ამის შესახებ. შეზღუდვებმა მათ შემოსავლის პრობლემები შეუქმნა, ვინაიდან აღარ შეეძლოთ განუსაზღვრელი ოდენობით პროცენტის დარიცხვა და გაუჩნდათ ვალდებულება განემარტა ბევრი რამ. ეს თავისთავად ცხადია უარყოფითად აისახებოდა მათ შემოსავლებზე, მსგავსი კომპანიებისათვის. 

ცალსახაა ისიც რომ ამ მასშტაბის შემცირება, რაც ონლაინ სესხის გამცემების ბაზარზეა კარგი არ არის, რადგან ამით მცირდება ფულზე ხელმისაწვდომობა. ეს აზარალებს არა მხოლოდ ამ ბაზარს, არამედ საცალო ვაჭრობასაც, საითაც მიემართებოდა აღებული კრედიტები“, - განუცხადა "რეზონანსს" ფინანსისტმა. 

არსებულ რეალობას, ეროვნული ბანკის მიზანმიმართულ ნაბიჯს უწოდებს ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე. ეს არის იმ არასწორი პოლიტიკის და მკაცრი რეგულაციების დამსახურება რომელსაც ეროვნული ბანკი 2017 წლიდან აქტიურად ატარებს. 

"არსებული ტენდენცია, ზოგადად საფინანსო სისტემისთვის არის ძალიან ცუდი და ესაა იმ არასწორი პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც დაიწყო ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ დიდი ხნის წინ. ამ ნაბიჯის მიზანი იყო საფინანსო სისტემაში არსებული მცირე და საშუალო კომპანიები მიზანმიმართულად მიეყვანა გაკოტრებამდე. გაურკვეველი და მკაცრი რეგულაციებით საფინანსო ბაზრის არასაბანკო სექტორი,  რომლის საერთო აქტივების მოცულობა წლების წინ აღემატებოდა 1 მილიარდ ლარს, ფაქტობრივად, სრულად მოიშალა“, - აღნიშნა ბერძენაძემ. 

მისივე აზრით, ტენდენცია გაგრძელდება და ეს თითოეულ მოთამაშეს შეეხება, გარდა კომერციული ბანკებისა. 

,,ერთი მხრივ, ეროვნული ბანკი მომხმარებლებს უკვეცავს ალტერნატიულ ფულად რესურსებზე წვდომას, მეორე მხრივ, ფინანსური სტაბილურობას ამოფარებული ქმნის არაერთ რისკ ფაქტორს, რაც დაკავშირებულია როგორც დაკრედიტების, ასევე აღნიშნული საფინანსო ბაზრის მოთამაშეების მხრიდან ვალდებულებების გასტუმრების კუთხით.  ბოლო სამი წლის განმავლობაში არაერთმა გაუაზრებელმა და დაჩქარებულმა რეფორმებმა საფინანსო სექტორში გამოიწვია სექტორში კონკურენტუნარიანობის შემცირება და ყველაზე მეტად დაზარალდა ბიზნეს სუბიექტები. მომხმარებელს კი ცენტრალურმა ბანკმა, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის გარანტი, არ მისცა საშუალება ჰქონოდა ალტერნატიული რესურსის მიღების წყარო. 

სამწუხაროდ, აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდება და ეს შეეხება ბაზრის თითოეულ მონაწილეს. ის რაც დღეს ხდება საფინანსო ბაზრის წინააღმდეგ ეს არის ლიბერალური ღირებულებების უგულებელყოფა ბიზნესში და სექტორზე სოციალისტური კონტროლის დაწესების მცდელობა” - განაცხადა ფინანსისტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×