
სამართლიანობა და ეფექტურობა - ეს იყო ის გასაღები, რითაც ჩვენ შევძელით ამ ვირუსთან ჯერჯერობით გამკლავება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ COVID-19 პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს ორგანიზებით საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ყველაზე დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის პანდემიის პირობებში საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საჭიროებების გამოვლენა და მათი დროულად სამშობლოში დაბრუნება იყო.
„ბევრი ადამიანი დარჩა კიდევ საზღვარგარეთ, რა თქმა უნდა, ბევრთან სახელმწიფოს დახმარების ხელი შეიძლება, ვერ მივიდა. ყველასთან მივალთ, ამას დრო სჭირდება. ხომ გვესმის, რომ საკმაოდ სუსტი ეკონომიკის ქვეყანა ვართ და ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია. ყველაზე დიდი გამოწვევა იყო რეისზე, რომელიც შეზღუდული რაოდენობა შეგვეძლო ვენიდან გაგვეკეთებინა, პირველ რიგში მოხვედრილიყავით თქვენ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა და ეს იქნება ამ ქვეყნის გამოწვევა კიდევ ბევრი წლები, ის რესურსი, რომელიც გვაქვს სამართლიანად და ეფექტურად რომ გადავანაწილოთ. სამართლიანობა და ეფექტურობა - ეს იყო ის გასაღები, რითაც ჩვენ შევძელით ამ ვირუსთან ჯერჯერობით გამკლავება. აწი რა იქნება, ეს თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული და ყველას უნდა გვესმოდეს", - განაცხადა გახარიამ.