რეზონანსი
12.06.2020

რაც უფრო მოვადუნებთ ყურადღებას, მით უფრო სწრაფად გავრცელდება ვირუსი, ეს ყველას უნდა გვესმოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პანდემიის დროს საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, შეუძლებელია, რომ ცალკე აღებულმა ქვეყანამ პანდემია დაამარცხოს. ამასთანავე, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიღწეული შედეგის შენარჩუნებას გაცილებით მეტი შრომა და ყურადღების გამოჩენა სჭირდება.

„არ უნდა გვეგონოს არავის, რომ ჩვენ რაღაც დავასრულეთ ან ბრძოლა დასრულებულია და გამარჯვებას მივაღწიეთ. რაც უფრო მოვადუნებთ ყურადღებას, მით უფრო სწრაფად გავრცელდება ვირუსი, ეს ყველას უნდა გვესმოდეს. შეუძლებელია, ცალკე აღებულმა ქვეყანამ დაამარცხოს პანდემია. გლობალური გამოწვევაა ეს, ყველა ვხედავთ, რა ხდება რეგიონში, ყველა ვხედავთ, რომ საქართველო არის ასე თუ ისე სიმშვიდის და მწვანე კუნძული, მაგრამ ამის შენარჩუნება ახლა კიდევ უფრო მეტ შრომას მოითხოვს. ამიტომ, უდიდესი პასუხისმგებლობა და ყურადღება გვმართებს თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურ ჩვენს ცხოვრებაში იმიტომ, რომ როგორც კი მოვდუნდებით, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ვირუსი გავრცელდება ისე სწრაფად, რომ ვერც მოვასწრებთ გააზრებას და დავრჩებით მერე ასე, შევხედავთ ერთმანეთს და ვიტყვით, როგორ დაგვემართაო.

ამიტომ უნდა გვქონდეს მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობა. ეს არ არის მარტო მთავრობის ბრძოლა ეს ყველას ბრძოლაა. ისევე როგორც რამეს თუ მივაღწიეთ მივაღწიეთ ერთობლივად, ასევე ერთობლივად უნდა შევინარჩუნოთ ეს ყველაფერი იმიტომ, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ, ვინც დაბრუნდნენ ქვეყანაში, უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ღირსეულად არჩინონ თავისი ოჯახები აქ, საქართველოში შრომით. ამისთვის, პირველ რიგში, გვჭირდება კონტროლი, უნდა ვაკონტროლოთ ეპიდემიის გავრცელება. უნდა გვქონდეს მარტივი ფორმულა-სწრაფად უნდა გამოვავლინოთ, სწრაფად უნდა ვუმკურნალოთ და სწრაფად უნდა დავაბრუნოთ ადამიანი ნორმალურ ცხოვრებაში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×