რეზონანსი
12.06.2020

რადიო "უცნობის" გადაცემა "უცნობ კიდობანში" მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მრავალ საინტერესო საკითხზე ისაუბრა და თქვა, რომ თუ ვითარება არ შეიცვალა, არაა გამორიცხული, მომავალში საქართველოდან წასვლაზე დაფიქრდეს.

"ეს გამარჯვებები, ალბათ, ღმერთის ნებაა, რომ ასეთი ვარ. როდესაც გულით შევთხოვ უფალს, ვიცი, ამისრულდება და ყველაფრისთვის ყოველი გათენებისა დ დაღამებისას მადლობას ვუხდი. მადლობა, უფალო, რაც გამაჩნია. ხალხის ჩემდამი სიყვარული და ეს ყველაფერი მისი დამსახურებაა. ღმერთს თუ არ უყვარხარ, არ გექნება ამხელა ძალა და შესაძლებლობა, რათა მიაღწიო დიდ წარმატებას.

ფინანსური თვალსაზრისით, ბოლო ორი-სამი წელიწადია შედარებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ. სამ მედალს ვღებულობთ და პრემიალურებს სამივე მედალზე გვაძლევენ. წელს პრემიერმა ოფიციალურად მოაწერა ხელი რეკორდებზე და ეს დამიფასდება. ეს საქართველოში, მსოფლიო დონეზე კი საერთოდ არაფერი არ არის. სახელმწიფო პრემიები გვაქვს ძირითადად. სამშენებლო კომპანიებმა, "არქიმ" და სხვებმა გააკეთეს რაღაც-რაღაცები. სხვა მხრივ, სპონსორობაში ძალიან მოვისუსტებთ.

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემოთავაზებები მქონდა. ადრე ასე იყო, ერთ ყურში შეუშვი და მეორეში გამოუშვი და რა თანხაც უნდა შემოეთავზებინათ, ჩემთვის მიუღებელი იყო, ვინაიდან საქართველოს ჰიმნი უნდა ავაჟღერო, მაგრამ სპორტსმენი რაც უფრო პიკისკენ მიდიხარ, ტიტულებთან ერთად ცდილობ - უკან რომ მოიხედავ, რაღაც უნდა დაგრჩეს, რამეთუ ბევრი ადამიანია შენზე დამოკიდებული და მათაც სჭირდებათ გვერდში დგომა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ნამდვილად არა, პიკისკენ კი, თუ არაფერი შეიცვალა სასიკეთოდ, შეიძლება მართლა დაფიქრდეს ადამიანი წასვლაზე. უკან რომ მოიხედავ, არაფერი არ გაქვს.

ამ ეტაპზე მართლაც კმაყოფილი ვარ. დღესდღეობით ბევრ სპორტსმენზე წინ ვართ შედეგებით, მათზე მეტ ჰონორარს ვიღებთ. მარტო ჩემზე არ არის ლაპარაკი. არიან სპორტსმენები, ჭიდაობაში ჩვენი გენო პეტრიაშვილი და სხვები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები ხდებიან. "არქიმ" ბინები გადასცა, მაგრამ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებმაც მათ მიმართ სიკეთე უნდა გააკეთონ, რადგან ამას იმსახურებენ. რაც მეტი დაფასება ექნება სპორტსმენს, მეტი შედეგი ექნება.

კახი კახიაშვილი წავიდა და ორჯერ ოლიმპიადა მოიგო. აქ მაშინ ელემენტარული პირობები არ იყო და რომ დარჩენილიყო, შეიძლებოდა ოლიმპიადებზე ვერ გაემარჯვა. ახლა ჩვენ იმ დროსთან შედარებით ფუფუნებაში ვართ. ნორმალური ბაზები გვაქვს, შეკრებებს გავდივართ. ახლა ასჯერ უკეთესი ვითარებაა.

ჯერ მასე გასაქცევად არა გვაქვს საქმე. ამაზე მარტო მე არ ვფიქრობ, ბევრი სპორტსმენი ფიქრობს. ჩვენ ორ შეჯიბრებაზე ვართ დამოკიდებულნი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. მიუხედავად ამისა, არავისგან არ გამიგია - წავალ და სხვა ქვეყნის სახელით გამოვალო."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×