
საქართველოში ეკონომიკის გახსნის პარალელურად ეპიდემიოლოგიური რისკების ზრდის ფონზე, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ვითარების ოპერატიული მართვის რეჟიმს აძლიერებს, - ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, დღევანდელ სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, განიხილეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ერთის წარმომავლობა უცნობია.
"ამ ეტაპზე ქვეყანაში ჯამურად, წყარო დაუდგენელია ინფიცირების 5 შემთხვევაში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს და განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს. სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკის ამუშავება არათუ არ უნდა გახდეს მოდუნების საფუძველი, არამედ პირიქით, საჭიროა შესაბამისი უწყებებისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და ზედმიწევნით დაიცვან ყველა მითითება, რომელიც აუცილებელია მათი ჯანმრთელობის დაცვისა და კოვიდ-19-ის მასობრივი გავრცელების პრევენციისთვის. საბჭოს წევრებმა განიხილეს გაზრდილი მობილობის პირობებში რისკების მართვის მექანიზმები.
"ამ მიზნით, საბჭოს გადაწყვეტილებით, გამკაცრდება დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის რესტორნებსა თუ სარეკრეაციო სივრცეებში, ასევე - საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დარღვევების შემთხვევაში კი გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ჯარიმები. გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ფონზე, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას", - ნათქვამია ინფორმაციაში.