
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში არსებული კარგი სტატისტიკური მონაცემების შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანმა რეკომენდაციები და არსებული წესები დაიცვას. მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ერთნიშნა ციფრები საგანგაშო არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მაღალი პასუხისმგებლობა, რომ ვითარება არ გაუარესდეს.
„ჩვენ ვამბობთ, რომ მეორე ტალღა უნდა იყოს შემოდგომაზე. ახლა ლაპარაკია, მოხდება თუ არა ჩვენთან მიღებული შედეგების შენარჩუნება. იმედი გვაქვს, მოხდება, რადგან ერთნიშნა ციფრები არ არის სგანაგაშო მაჩვენებელი, ამის მოვლა თავისუფლად შეიძლება.
ქვეყანაში უნდა იყოს სტაბილიზაცია, არ უნდა გაუარესდეს ვითარება. იმის იმედი გვაქვს, რომ დაავადებათა კონტროლის მუშაობა, რომელიც აქამდე ფანტასტიკური იყო, ასევე გაგრძელდება და წყაროები მოძიებული იქნება. თუ წყარო ცნობილია, ყველა მათი კონტაქტი გამოკვლეული იქნება და ამ სიტუაციას გადავლახავთ“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება იმას, შესაძლოა თუ არა კვლავ გამკაცრდეს რეგულაციები, ეზუგბაია ამბობს, რომ ამის შესახებ შესაბამისი პირები იმსჯელებენ.