
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 5 თვის განმავლობაში საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით სერიოზული გამოცდილება დაუგროვდა და თუ წინ ეპიდემიის მეორე ტალღა იქნება, ქვეყანა მას მომზადებული უნდა შეხვდეს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მსოფლიოში მეცნიერები და ვირუსოლოგები მეორე და მესამე ტალღაზე სერიოზულად საუბრობენ. თქვენ იცით, რომ ეს რესპირაციული ვირუსია და ნებისმიერი რესპირაციული ვირუსი აქტიურდება ცივი სეზონის დადგომასთან დაკავშირებით. იქნება თუ არა მეორე ტალღა, ჩვენ უფრო ძლიერი მზადყოფნის რეჟიმი დაგვჭირდება, ვიდრე იანვარში გვქონდა. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ, სერიოზული გამოცდილება მივიღეთ ამ 5 თვის განმავლობაში. ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, რომ თუ მეორე ტალღა იქნება, მას მომზადებულები შევხვდეთ. ადვილად გადავიტანთ ამ მეორე ტალღას და არსებული საკმაოდ სერიოზული გამოცდილება შეიძლება გამოვიყენოთ ამისთვის. გაძლიერებული მზადყოფნა აუცილებელია და მომავალი 4 თვე ამისთვის უნდა გამოვიყენოთ - იქნება ეს გადამზადება, მარაგების მუდმივი შევსება, ტესტირების გაფართოება და ა.შ. ბოლო დღეებში ჩვენ მოვეშვით - არ უნდა მოვეშვათ. მოგვდის ინფორმაცია, რომ არის ძალიან დიდი შეკრებები, დაბადების დღეებისა და ქორწილების აღნიშვნები. კიდევ ერთხელ გთხოვთ, დავიცვათ რეკომენდაციები", - განაცხადა გამყრელიძემ.