
ამომრჩევლებისთვის, რომლებსაც საარჩევნო უბნებზე ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, ხმის მიცემისთვის ცალკე სივრცე სავარაუდოდ, არ შეიქმნება.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია „ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში აცხადებს, სიცხიანი ამომრჩევლებისთვის ცალკე საარჩევნო უბნების შექმნაზე საუბარი არ არის.
ჟვანიას განმარტებით, ამომრჩევლებს უბნებზე ყოფნა 5-10 წუთის განმავლობაში მოუწევთ, ამიტომ ვირუსის გადადების საფრთხე ნაკლებია.
ამასთან, ცესკოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამომრჩევლებს, რომლებსაც საპარლამენტო არჩევნების დღეს ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, ხმის მიცემის უფლება არ უნდა შეეზღუდოთ.
„ჩემი პირადი აზრია, რომ შეუძლებელია სიცხის გამო ამომრჩეველს ჩამოვართვათ ხმის მიცემის უფლება. ჩვენ არ ვიცით, რა არის სიცხის მიზეზი და ამის გამო კონსტიტუციურად გარანტირებული ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა იქნება ძალიან რთული საკითხი, მითუმეტეს იმ პირობებში, რომ ამომრჩეველს 5-10 წუთიანი კონტაქტი უწევს უბანზე...
ყველაზე ნაკლებად საფრთხის შემცველია, მათ შორის პანდემიის პირობებში, ამომრჩევლისთვის უბანზე მისვლა, ვინაიდან, ამომრჩეველს არ უწევს 15 წუთზე მეტის კონტაქტის განხორციელება საარჩევნო უბანზე. ჩვენ ვითვლით ხოლმე და ვიცით, რომ ამომრჩეველს სჭირდება დაახლოებით, 5-10 წუთი რომ შევიდეს უბანზე, მოხდეს მისი იდენტიფიცირება და განახორციელოს ხმის მიცემა. შესაბამისად, 15 წუთზე და ნაკლები დროის კონტაქტი არ ითვლება რისკის მქონე კონტაქტად. თუმცა, როდესაც უბანზე რიგი იქნება, უნდა იყოს რეკომენდაცია, რომ დავიცვათ ფიზიკური, სოციალური დისტანცია", - განაცხადა ჟვანიამ „ინტერპრესნიუსთან".