
სადაზღვეო კომპანია „უნისონის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა" ავრცელებს. კომპანიაში ამბობენ, ინფიცირებული სამსახურში 27 მაისის შემდეგ არ ყოფილა. ასევე, ოფისში მოსვლის შემდეგ მას დაცვის თანამშრომელმა სიცხე გაუზომა და ტემპერატურის დაფიქსირების გამო სამსახურში არ შეუშვა.
„თანამშრომელს დღეს დაუდასტურდა კორონავირუსი. ოფისში ბოლოს 27 მაისს იმყოფებოდა და იმის გამო, რომ დაუფიქსირდა სიცხე დაცვის თანამშრომელმა არ შემოუშვა ოფისში. დღეს სწრაფი ტესტი ჩაუტარდა ყველა თანამშრომელს, ვინც იმ მომენტში იმყოფებოდა ოფისში. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. ფაქტის შესახებ ვაცნობეთ შესაბამის სამსახურებს", - აცხადებენ კომპანიაში.
„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, დღეს COVID-19 „თეგეტა მოტორსის" თანამშრომელსაც დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ე.წ. საბურთალოს კლასტერს წარმოადგენს. კომპანიაში ინფიცირების შემთხვევას ჯერჯერობით არ ადასტურებენ. „თეგეტა მოტორსში" აცხადებენ, რომ მათ თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტი დღეს ჩაუტარდა და პასუხს ამ დრომდე ელოდებიან.
სრულიად იხილეთ Primetime.ge-ზე