ალექსანდრე ძნელაძე: “პირველ ივლისამდე დაზუსტდება სიები, თუმცა კიდევ შეიძლება, ერთეული შემთხვევები დაემატოს"
გვანცა წულაია
10.06.2020

კორონავირუსის პირობებში გადავადებული სესხების პირველი ეტაპი 12 ივნისს იწურება. ამის შემდეგ საშეღავათო პერიოდის მეორე ეტაპი დაიწყება, რომელიც ისეთი მასშტაბური არ იქნება, როგორც ეს პირველ ჯერზე მოხდა. ახლა სესხების გადავადებას მხოლოდ ის პირები შეძლებენ, ვინც პანდემის პირობებში შემოსავალი დაკარგეს. 

მსესხებლების უდიდესმა ნაწილმა ბანკების მიერ საშეღავათო 3-თვიანი გადავადებით ისარგებლა, რაც ხალხისთვის ერთგვარი შვება აღმოჩნდა. რადგანაც ჯერ კიდევ კრიზისული ვითარებაა, მოსახლეობა საშეღავათო პერიოდის გაგრძელებას მოითხოვს, რადგან, უმუშევრობის გამო, დიდი ზარალი მიიღეს. სესხების გადავადების პროგრამის მეორე ეტაპის შესახებ "რეზონანსი" საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ძნელაძეს გაესაუბრა:

“რეზონანსი”: სესხების გადავადების მეორე ეტაპზე ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ საშეღავათო პერიოდი იქნება 3-თვიანი, რომლითაც შემოსავალდაკარგულები ისარგებლებენ. დეტალურად რომ გვითხრათ, როგორი იქნება ეს პერიოდი? როდიდან დაიწყება და სადამდე გაგრძელდება?

ალექსანდრე ძნელაძე: პირველი საშეღავათო პერიოდის შემდეგ, მსესხებლებისთვის გადახდის დრო, ძირითადად, 13 ივნისიდან დადგება, მაგრამ არის ბანკები, რომლებმაც საშეღავათო პერიოდი პირველი მარტიდან აამოქმედეს და მათთან გადახდა პირველი ივნისიდანვე დაიწყო. პირველი გადავადება შეთავაზებული იყო ყველასთვის, ვინც აღნიშნულ სარგებელზე უარი არ განაცხადა. მეორე ეტაპის გადავადება იქნება კონკრეტულად მოწყვლადი სექტორისთვის, ანუ მათთვის, ვინც დაკარგა შემოსავალი და შეღავათს კიდევ საჭიროებს. 

ვინც დაკარგა შემოსავალი და სახელმწიფოსგან მიიღებს დახმარებას, ავტომატურად ისარგებლებს 3-თვიანი გადავადებით, თუ, რა თქმა უნდა, უარს არ განაცხადებს. ადამიანები იმავე პირობებით, იმავე ფორმატით მიიღებენ ამ შეღავათებს. ზოგიერთმა ბანკმა უკვე დაიწყო აღნიშნული მომსახურების მიწოდება მომხმარებლებისთვის.  

არსებობს კიდევ ასეთი რამ: 10 ივნისი იყო ათვლის წერტილი, როდესაც გარკვეული ინფორმაცია გვქონდა ისეთ კლიენტებზე, ვინც აღნიშნულ დახმარებას იღებდნენ. დღემდე ვინც ვერ მოხვდა ამ სიაში, მაგრამ შემოსავალი სრულად ან მნიშნველოვნად დაკარგა და მომსახურებას ვერ ახერხებს, აღნიშნული პირების იდენტიფიცირებასაც მოახდენენ ბანკები და მათთვისაც მოიხდება შეთავაზება როგორც 3-თვიან გადავადებაზე, ასევე - სხვა სახის რესტრუქტურიზაციაზე. 

“რ”: მართალია, პირველი და მეორე ეტაპებიც უამრავ ადამიანს მოიცავს, თუმცა არსებობენ ისეთი პირები, ვინც ვერც ერთ საშეღავათო პერიოდში ვერ მოხვდნენ. თუ კეთდება მათთვის რამე?

ა.ძ: იმ პირებთან, ვინც ვერც პირველ და ვერ მეორე ჯგუფში ვერ მოხვდნენ და ასევე იურიდიული კომპანიები, რომლებიც საჭიროებენ გარკვეულ რესტრუქტურიცაზიას, მიმდინარეობს მუშაობა კომერციული ბანკების მხრიდან. თუ ჯერ კიდევ მათ არავინ დაკავშირებია, ასეთმა კლიენტებმა უნდა მიმართონ კომერციულ ბანკებს კონკრეტული თხოვნით, თუ რა ტიპის რესტრუქტურიცაზია სჭირდებათ - იქნება ეს გადავადება, ვადის გახანგრძლივება თუ სხვა. 

“რ”: მეორე ეტაპი რამდენად მასშტაბური იქნება? და ასევე, რამდენად დიდია სხვაობა პირველ და მეორე საშეღავათო პერიოდებს შორის?

ა. ძ: კონკრეტულად იმ მომხმარებლების სიები, რომლებიც დახმარებას მიიღებენ, ჯერ ბოლომდე ფორმირებული არ არის და პირველ ივლისამდე არ იქნება საბოლოო მონაცემები. პირველი გადავადებით ისარგებლა 600 ათასზე მეტმა ადამიანმა. რაც შეეხება მეორე ეტაპს, მოლოდინი გვაქვს, რომ არ უნდა იყოს 30%-ზე მეტი ამ საერთო მონაცემიდან. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა რაოდენობაზეა საუბარი. 

პირველ ივლისამდე დაზუსტდება სიები, თუმცა კიდევ შეიძლება, ერთეული შემთხვევები დაემატოს. კომპანიამ განაცხადი უნდა შეიტანოს, სია უნდა დაადასტუროს, ამიტომ შესაძლოა, რაოდენობა გაიზრდოს. როგორც ვიცი, ინდივიდუალური განხილვის გზით მიდიან და ამიტომ შეიძლება, 15 აგვისტომდეც გადაიწიოს გარკვეული განაცხადების განხილვა. 

“რ”: საშეღავათო პერიოდი თუ აღმოჩნდა ბანკებისთვის წამგებიანი და იზარალეს თუ არა მათ?

ა.ძ: პირველი გადავადებაც და, პრინციპში, ახალი შეთავაზებაც, რომელიც კაპიტალიზაციის გარეშე მოხდა, რეალურად კომერციული ბანკებისთვის იყო ხარჯიანი ოპერაცია. არსებული დავალიანება, უბრალოდ, გაიყინა და გადანაწილდა დანარჩენ პერიოდზე. მსგავსი შეთავაზება, ვალდებულებების მსგავსად გადანაწილება, მსოფლიოში არ მომხდარა. 

მეორე საკითხია, რომ აღნიშნული გადავადება პრინციპული იყო ლიკვიდობის ნაწილში, რადგან მოთხოვნები, რომლებიც უნდა შემოსულიყო, არ შემოვიდა. ვერ ვიტყვი, რომ უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებით ლიკვიდობის პრობლემა შეიქმნა, მაგრამ ლარის მიმართულებით მაინც იყო დეფიციტის საშიშროება. თუმცა მხოლოდ ეს არ იყო განმსაზღვრელი, იქიდან გამომდინარე, რომ თავად მოსახლეობამ და კომპანიებმაც ლარი გაიტანეს კომერციული ბანკებიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×