
ერევნიდან თბილისამდე 4 საათის სავალი გზაა. თავისუფლად შეგვიძლია, 24 საათში 1000 ტესტზე, 1000 გამოკვლევაზე მივეხმაროთ, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „TV პირველის" ეთერში, „რეაქციასთან" საუბრისას.
„სომხეთი ჩვენი მოძმე, ჩვენი მეზობელი ქვეყანაა. მე ვიცი, რომ იყო საუბრები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, იყო შეთავაზება პირადად ჩვენგან სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის, წერილობითაც, სიტყვიერადაც გამოვხატეთ დახმარების მზაობა. ჩვენ რაც შეგვიძლია, ჩვენი, დაავადება კონტროლის ცენტრის ფარგლებში, არის შემდეგი: მივეხმაროთ ტესტირებებში, ვთქვათ, მივცეთ ტესტების გარკვეული რაოდენობა, ან იქიდან აღებული ნიმუშები გამოვიკვლიოთ. ერევნიდან თბილისამდე 4 საათის სავალი გზაა. თავისუფლად შეგვიძლია, 24 საათში 1000 ტესტზე, 1000 გამოკვლევაზე მივეხმაროთ. ასევე, მე ვიცი, რომ არის შესაბამისი მზაობა თვითონ ჯანდაცვის უწყებაშიც, ეკონომიკის სამინისტროში, რომელმაც პირბადეებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და საჩუქრად გაგზავნა. ეს მუშაობა ახლაც მიმდინარეობს" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.