“ახლა უკვე ერთ და ორ დღეში არ წყდება ინვესტიციების დაბანდების საკითხი”
თამარ მუკბანიანი
09.06.2020

2020 წლის პირველმა კვარტალმა სავალალო შედეგი მოიტანა - პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 41.7 %-ით შემცირდა. წლის დასაწყისში, პირველ ორ თვეში, კორონავირუსის პანდემია არ იყო მძლავრად მოდებული მსოფლიოში და თითქმის საერთოდ არ ფიქსირდებოდა საქართველოში. მიუხედავად ამისა, ვარდნა კატასტროფულია. გაცილებით უარესი იქნება მეორე კვარტალი. რა წილი აქვს პანდემიას შემცირებულ ინვესტიციებში და რა წილი - მთავრობის ნაბიჯებსა და ქვეყნის ეკონომიკურ გარემოს, “რეზონანსთან” სპეციალისტები საუბრობენ.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის 1-ელ კვარტალში 165.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის 1-ლი კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 41.7 პროცენტით ნაკლებია. იანვარ-მარტში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა ყველაზე დაბალია 2009 წლის შემდეგ.

კერძოდ, 2019 წლის 1-ელ კვარტალში 283.6 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, 2018 წლის ამავე პერიოდში - 323.5 მლნ დოლარი; 2017-ში - 411.7 მლნ დოლარი; 2016 წლის 1-ელ კვარტალში - 392.2 მლნ დოლარი; 2015 წლის საანგარიშო პერიოდში - 343.4 მლნ დოლარი; 2014-ში - 331.9 მლნ დოლარი; 2013 წლის ამავე პერიოდში - 291.8 მლნ დოლარი; 2012 წლის 1-ელ კვარტალში - 312.4 მლნ დოლარი; 2011-ში - 222.6 მლნ დოლარი; 2010 წლის 1-ელ კვარტალში - 176.1 მლნ დოლარი; ხოლო 2009 წლის საანგარიშო პერიოდში - 114.5 მლნ აშშ დოლარი.

ეკონომიკის დოქტორი რამაზ გერლიანი “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ მასშტაბურ კლებაში პანდემიის წილი ნაკლებია და, ძირითადად, არასწორი და არასახარბიელო საინვესტიციო გარემოს დამსახურებაა სავალალო შედეგი. უფრო მძიმე იქნება მომდევნო 3 კვარტალის შედეგი.

“ეს არის მუდმივი ვარდნის სამწუხარო ტენდენცია, რომელიც ბოლო წლებში სახეზეა. კლება იყო მოსალოდნელი, თუმცა ასეთ დიდ მასშტაბებზე, რასაკვირველია, თავისი როლი ითამაშა კოვიდ პანდემიამაც. მიუხედავად იმისა, რომ პირველი კვარტალის ორ თვეში არ იყო ჩვენთან ვირუსის გავრცელება, მაინც არსებობდა მოლოდინი, როგორც ევროპის მთელ კონტინენტზე, ისევე საქართელოში, რომ ინფექცია შემოიჭრებოდა. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, საერთაშორისო ინვესტორები ფრთხილობენ. 

უნდა ითქვას ისიც, რომ ინვესტორები ერთ და ორ დღეში არ იღებენ გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, კლება არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით და არასწორი ფუნდამენტის მომზადებით უფროა განპირობებული. წინასწარ რთულია და არასწორიც პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ნამდვილად სავარაუდო იყო ეს შედეგი, რაშიც მცირედი წვლილი კორონავირუსსაც აქვს. არასწორი და ცუდი საბაზრო პირობები, ლიკვიდურობის არქონა, კაპიტალიზაციის დაბალი დონე - ეს არის ინვესტიცების ნაკლებობის ძირითადი მიზეზები. როგორც წესი, არავის სურს ასეთ პირობებში ფულის ჩადება. საქართველოს საერთაშორისო ინდექსებშიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰქონდა კლება და, შესაბამისად, ამას ინვესტორებიც უყურებენ. 

დღეს საქართველოს უკვე აღარ აქვს სახარბიელო მდგომარეობა საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით. შესაბამისად, წლის დარჩენილ პერიოდშიც აუცილებლად ვარდნა გვექნება, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, ერთ და ორ დღეში არ წყდება ინვესტიციების დაბანდების საკითხი“, - განაცხადა ეკონომისტმა. 

მისივე თქმით, მთავრობის სწორი ნაბიჯების გარეშე, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის ბედი ბუნდოვანია. 

“ორი ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას, ეს არის კერძო საკუთრების სრულად ფორმირება და, პარალელურად, საგადასახადო ლიბერალიზაცია. ასეთ შემთხვევაში, მართლაც გვექნება ინვესტიციების ბუმი, მით უფრო, როცა საერთაშორისო ბაზარზე არ არის სხვებისათვის სახარბიელო მდგომარეობა. თუ ამ ორი ნაბიჯიდან არც ერთი არ გადაიდგა, საქართველოში ინვესტიციების საკითხი მომავალშიც ბუნდოვანი იქნება. მსხვილი საინვესტიციო პროექტები სრულდება და არ იწეყება არაფერი ახალი”, - დასძინა გერლიანმა “რეზონანსთან” საუბრისას. 

ინვესტიციების კლების ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ქვეყნების უმრავლესობიდან შემომავალი საინვესტიციო ნაკადები მკვეთრად შემცირდა. ამასთანავე, რამდენიმე შემთხვევაში დაფიქსირდა საქართველოდან ინვესტიციების გადინებაც, რაც ინვესტორთა მხრიდან ვალდებულების მომსახურებას უკავშირდებოდა. შედეგად რამდენიმე ქვეყნიდან, რომლებიც ტოპ ინვესტორთა რიგებში იყვნენ, პირიქით, გამსვლელი საინვესტიციო ნაკადები დაფიქსირდა. მათ შორისაა აზერბაიჯანიც, სადაც საქართველოდან 13.9 მილიონი დოლარი გავიდა. ამაზე უფრო დიდი იყო გამსვლელი საინვესტიციო ნაკადი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებში და ის მინუს 38 მილიონ დოლარს შეადგენდა. 

ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი კაპიტალის შემცირებას ტექნიკური მიზეზებითა და დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების დამთავრებით ხსნის. 

“ასეთი შემცირება, როგორც წესი, არის ტექნიკური მიზეზებით გამოწვეული. ჩვენს შემთხვევაში, ეს არის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროეტების დამთავრება და ეს დროებითი მოვლენაა, არაფერია აქ განსაკუთრებული. თანაც იმ ფონზე, რომ ჩვენ გვახსოვს, რამდენი რამ იდებოდა ანაკლიის პორტში და სწორედ პირველი კვარტალის დასაწყისში შეწყდა ეს პროექტი. 

მანკიერი მიდგომა, რაც “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის დღევანდელმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს წარმოადგინა, რომ ინდუსტრიული განვითარების დრო პოსტინდუსტრიულ სამყაროში არ არის, სისტემურად არასწორია. ვფიქრობ, დღევნადელი პრემიერი ამ საკითხს სწორად ხედავს და, შესაბამისად, განვითარების იმედიც მეტია”, - განაცხადა "რეზონანსთან" სიმონიშვილმა. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების  ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში კაპიტალდაბანდებამ 1.267 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 0.2%-ით მეტია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×