
მივდივარ ამერიკის საელჩოსთან მოთხოვნით, დაგვიბრუნეთ წართმეული თავისუფლება, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
კვიციანმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა და სამართლიანობის აღდგენა მოითხოვა. მან ისაუბრა მასსა და ერთ-ერთ ოჯახს შორის რამდენიმე დღის წინ მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებაზე.
„რატომ გვიშვებთ სტრასბურგში, რატომ არ ასამართლებთ აქ ხალხს სამართლიანად? ეს არის უბედურება, თორემ მათ ხელში რომ იყო ყველა უბედურება, გასაგებია, იცის მთელმა საქართველომ, რომ სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა 70 ათას ოჯახზე მეტი გააუბედურა, რეპრესიებში გაატარა. შეიძლება ითქვას, რომ 0,0001 პროცენტი არაა აღმდგარი სამართლიანობის.“
მისივე თქმით კონსტიტუციაში ახლა ცვლილებები შედის, იქნება განხილვები და მოითხოვს, შევიდეს ცვლილება, რომ არჩევნები გახდეს სავალდებულო.
„ეს არ არის ჩემი ახირება. ეს არის მოთხოვნა მოსახლეობის, რომ არ გაყალბდეს არჩევნები ან რისკი გაყალბების იყოს შედარებით ნაკლები. კანონპროექტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილის, რომელიც მე რომ შემოვიტანე, ცვლილებაზე ძალიან გთხოვთ გამოიტანოთ და საერთოდ ერთთვიანი ვადა გავაუქმოთ, თუ გვინდა რომ ოდნავ მაინც აღდგეს ამ ქვეყანაში სამართალი და ხუთი წლიანი ხანდაზმულობა გავზარდოთ 20 წლამდე მაინც. მესამე - დაიწყოს დაბრუნება ქონების მორიგებით, რასაც მოსამართლეები ითხოვდნენ. მორიგებით ყველა იმ ადამიანის, ვისი ქონებაც არ გასხვისებულა.
მინდა, მოვუწოდო ყველას. მე ამასთან დაკავშირებით, ბატონო თავმჯდომარე, ალბათ ხვალიდან, ბოიკოტს ვაცხადებ, პარლამენტში აღარ გამოვალ და მივდივარ მოსათხოვნად იმ ადამიანების წინ, რომ ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე, ისე, როგორც ზეწოლით ოქრუაშვილი გამოაშვებინეს, ორი დამნაშავე გამოაშვებინეს ზეწოლით. დამნაშავე გამოუშვიო, რომ გეუბნებიან, უდანაშაულოს რას გვერჩიან? ამიტომ, მივდივარ ამერიკის საელჩოსთან მოთხოვნით, დაგვიბრუნეთ წართმეული თავისუფლება. მოვუწოდებ ყველა პატივაყრილს, რადგან ეს შეურაცხყოფაზე შეურაცხყოფაა, რომ წაგართმევენ ტყუილუბრალოდ, უსამართლოდ და არ გიბრუნებენ", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.