რეზონანსი
09.06.2020

პენსიების ზრდასთან დაკავშირებული პირობა შენარჩუნებულია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, წლის დასაწყისში 20 ლარით გაეზარდა პენსია ყველა პენსიონერს.

„ასევე, ამ წლის ბიუჯეტში ჩადებული იყო, რომ 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია გაიზრდებოდა კიდევ 30 ლარით. ეს შენარჩუნდა, ანუ ეს პირობა შენარჩუნდა. სხვაგანაც გვქონდა, ზოგან მატება იყო ხელფასების, მაგრამ გავაჩერეთ, როგორც პრემიების გაცემა შევზღუდეთ, ასევე ვაკანსიებზე აყვანაც დავაკონსერვეთ, მაგრამ პენსიებზე, ამ დანაპირებზე უარი არ ვთქვით. პენსიები გაიზრდება პირველი ივლისიდან, როგორც დაგეგმილი იყო", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ამასთან ერთად, მთავრობამ წარადგინა პენსიების ინდექსაციის კანონი და ინიციატივა.

„აღნიშნული ინიციატივის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყოველ წელს პენსიების ზრდა მოხდეს შემდეგი პარამეტრით - 70 წლამდე პენსიონერს პენსია გაეზარდოს ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის პენსიონერებს გაეზარდოს ინფლაციით, პლიუს ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტით. თუმცა მინიმუმ, თანხები უნდა იყოს 20 ლარი 70 წლამდე ასაკის პენსიონერისთვის და 25 ლარი მეორე კატეგორიისთვის", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს გაიწერება კანონში და აღარ იქნება მთავრობის, რომელიმე პოლიტიკური ძალის დისკრეცია, როგორ უნდა მოხდეს წლიდან წლამდე პენსიების ზრდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×