პირველივე დღეს მგზავრობის ფასმა 1-3 ლარით მოიმატა
თამარ მუკბანიანი
08.06.2020

8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ამოქმედებისთანავე ზოგიერთი მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა. მგზავრობის ფასმა 1-3 ლარამდე მოიმატა, მიუხედავად იმისა, რომ სამარშრუტო ტაქსებში არც ფიზიკური დისტანცირების საჭიროება დამდგარა და ბაზარზე საწვავის ფასიც საგრძნობლად შემცირებულია. 

ბაზარზე ვითარება ერთგვაროვანი ნამდვილად არ არის და ერთი მიმართულებით სხვადასხვა ავტოსადგურიდან გადაადგილება განსხვავებული ფასი დაგიჯდებათ. დიდუბის ავტოსადგურიდან ფასები ასეთია: ბათუმი, ლენტეხი - 25 ლარი (ძველი ფასი - 20 ლარი); ლანჩხუთი, მარტვილი - 20 ლარი (ძველი ფასი - 7 ლარი); აბაშა, სენეკი - 18 ლარი (16-15 ლარი); ქუთაისი, წყალტუბო - 15 ლარი (12 ლარი); ვანი - 17 ლარი (15 ლარი); ზესტაფონი, ხარაგაული, ბაკურიანი, ახალციხე, საჩხერე - 12 ლარი (10 ლარი) ხაშური - 7 ლარი (5 ლარი). დიდუბიდან ფასები არ გაზრდილა მოკლე მიმართულებებზე. 

„მოკლე რეისებზე ფასები არ გაზრდილა (გორი, ქარელი, მუხრანი, კასპი, ბორჯომი), რაც შეეხება უფრო დიდ რეისებს, რეგულაციების გამო მძღოლებს ხარჯი აქვთ. ისინი კერძო პირები არიან და მიკროავტობუსი მისია. გაზრდილი ხარჯის გამო მათ გაზარდეს ფასები. შეძლებისდაგვარად ვეცადეთ გაგვეკონტროლებინა, რომ მეტად არ მომატებულიყო და განვსაზღვრეთ, რომ კილომეტრზე 6 თეთრი იქნებოდა საფასური“, - განაცხადეს დიდუბის ცენტრალურ ავტოსადგურში. 

ფასები არ გაზდილა ნავთლუღის ავტოსადგურიდან, სადაც ,,ბიზნეს-რეზონანსს“ განუმარტეს რომ მიზეზი, სწორედ ნაკლები რეგულაციებია, რის გამოც, ფიზიკური დისტანცირების აუცილებლობა არ არსებობს და მძღოლებს, დანახარჯი არ გაზრდიათ. 

,,ჯერჯერობით მგზავრებიც არ გვყავს. პირველი დღეა და სიმართლე გითხრათ, ველოდით, რომ მეტ ადამიანს ექნებოდა გადაადგილების სურვილი, თუმცა ვნახოთ რა იქნება შემდეგ. არ აღმოჩნდა ის, რასაც ველოდით, რომ ნახევარი "მარშრუტკა" ცარიელი გვეყოლებოდა და ეს იქნებოდა მთავარი მოთხოვნა. ამიტომ ფასს არ ვზრდით, თანაც რა აზრი აქვს. ამ შემთხვევაში, მგზავრების ოდენობა აუცილებლად დაიკლებს. ნავთლუღის ავტოსადგურიდან მიკროავტობუსები ბათუმის, მესტიის, კახეთის და წალკის მიმართულებით მოძრაობენ და ფასები არ გაზრდილა“, - განაცხადეს ავტოსადგურში. 

ფასები გაიზარდა კახეთის მიმართულებით, მიკროავტობუსით მზგავრობის ღირებულება 1 ლარით გაძვირდა. ამასთან, მოიმატა გურჯაანი-თელავის მიმართულების ფასმაც და ის 2,50 ლარის ნაცვლად, 3 ლარი გახდა. 

ავტოსადგურებიდან რეგიონების და პირიქით მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა ნებადართულია იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალურად საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის შეიმუშავა, ეს დეზინფექცია, თერმოსკრინინგი და პირბადის ტარებაა. 

რატომ გაიზარდა ფასი მომსახურებაზე, როცა თვითღირებულება საწვავის გაიაფების გამო შემცირებულია, ,,ბიზნეს-რეზონანსმა“ სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტებს ჰკითხა. ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობაში ამბობენ,  რომ უცნაურია ამ პირობებში და ამ რეგულაციებში გაძვირება. 

,,არ ვიცი, ახლა დამატებითი კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ყველა მკაცრ წესებს ელოდა ტრანსპორტში გადაადგილებისას და ასე არ მოხდა, ამიტომ უცნაურია, რატომ უნდა გაძვირებულიყო“, - უთხრეს ორგანიზაციაში ,,ბიზნეს-რეზონასს“.

ფაქტის ახსნა უჭირთ სხვა სპეციალისტებს და სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც და ამბობენ, რომ ერთადერთი ლოგიკა ისაა, რომ მძღოლები გაცდენილი პერიოდის ანაზღაურებას ცდილობენ, თუმცა ეს, სავარაუდოდ, მათ კლიენტებს შეუმცირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×