კერძო საბავშვო ბაღები და მათი თანამშრომლები საერთოდ უმძჳმეს ვითარებაში ჩავივდნენ
თამარ მუკბანიანი
08.06.2020

ორთვიანი საგანგებო რეჟიმის შემდეგ, ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ ტემპს ნელ-ნელა უბრუნდება. ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნისა და სამუშაო ადგილებზე თანამშრომლების გასვლამ, კერძო ბაღების ამუშავებს საჭიროება გააჩინა. მშობლებს, რომლებსაც არც ძიძა ჰყავთ და არც ისეთი ოჯახის წევრი, რომელთანაც შვილის დატოვებას მოახერხებენ, უმუშევრად დარჩენა ემუქრებათ. შეზღუდვების გაუქმებას ითხოვენ კერძო ბაღებიც, რომლების ვერც იჯარის და ვერც სხვა ფინანსური ვალდებულებების გადახდას ახერხებენ და პარალელურად თანამშრომლებსაც ვეღარ უხდიან ხელფასს.

7 ივნისს სკოლამდელი აღზრდის 60-მდე დაწესებულებამ შესაბამის უწყებებს მიმართვა გაუგზავნა, რომლის ადრესატები არიან პრემიერ-მინისტრი (მთავრობის ადმინისტრაცია), თბილისის მერია, ბაღების სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო. ისინი „ერთობლივი პეტიციით კერძო ბაღები მათთვის რეკომენდაციების შემუშავებას ითხოვენ“. დაწესებულებების წარმომადგენელებს სურთ, რომ შემუშავდეს მათი მუშაობის სპეციალური გრაფიკი, რის შემდეგაც „მზად არიან, მუშაობა უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით გააგრძელონ“.

კერძო ბაღებმა მოთხოვნა პეტიციის სახითაც გაავრცელეს მანიფესტ.გე-ზე, რომელსაც ამ დროისთვის 1000-ზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს. „მოქალაქეების უმრავლესობას სახლში ბავშვების დატოვების საშუალება არ აქვს“, – წერია განცხადებაში.

სწორედ ეს პრობლემა აქვს, ბავშვს ვერსად ტოვებს და  სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას, ერთ-ერთ კერძო ბაღის აღსაზრდელის მშობელი. ლიკა კალანდაძე,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ამბობს, რომ ბავშვის განვითარებისათვისაც ძალიან დიდი პრობლემაა თითქმის ნახევარი წლით სახლში გამოკეტვა. 

,,ჩემი სამსახური ფიზიკურად ვერ იქნება დისტანციური, ადგილზე უნდა ვიმუშაო. ყველაფერი იმიტომ გაიხსნა, რომ ადამიანებმა სამსახური არ დაკარგონ. ჩემი ოჯახის წევრების უკვე გამოიძახეს სამუშაო ადგილებზე და იმის გამო, რომ ბაღები არ მუშაობს, იძულებული ვხდები სამსახურს თავი დავანებო და დავრჩე უმუშევარი. 

გარდა ამისა, ძალიან დიდი პრობლემაა სახლში 3 თვე გამოკეტილი ჯდომა ბავშვისათვისაც. ყოველი დღე იწყება კითხვით - დღეს ბაღში მივდივართ? მე კი პასუხი არ მაქვს. დღეს კი არა საერთოდ როდის შევძლებთ წავიყვანო ბაღში, ისიც არ ვიცით. ჩვენი ბაღის ეზო დიდი და კეთილმოწყობილია, თანაც ისეთი პერიოდია ძირითადად დროს გარეთ ატარებენ, შესაბამისად,მარტივი იქნება ფიზიკური დისტანცირების დაცვა. არჩევანი კერძო ბაღზე თავიდნავე განპირობებული იყო იმით, რომ ის ზაფხულში და დასვენების დღეებშიც მუშაობს“, - განაცხადა ,,იავნანას“ აღსაზრდელის მშობელმა. 

მშობლების და ბავშვების პარალელურად, პრობლემა სააღზრდელო დაწესებულებებსაც შეექმნათ. ვითარება თითქმის ყველგან იდენტურია - უმუშევრად დარჩენილი პერსონალი და შესასრულებელი ფინანსური ვალდებულებები, რომელიც ვალად გროვდება და რომლის გასტუმრებაც მუშაობის აღდგენის შემდეგ მოუწევთ. ,,ბიზნეს-რეზონანსი“ ორი კერძო ბაღის წარმომადგენელს ესაუბრა. 

,,იავნანას“ ხელმძღვანელი სალომე ჭანტურიშვილი ამბობს, რომ მისი ბაღის 30 დასაქმებული სამუშაოს დროებით სამუშაოს გარეშე დარჩა და ალტერნატიულ სამსახურს ეძებენ. ორგანიზაცია კი იჯარას ვეღარ იხდის და ამის გამო, სავარაუდოდ, შენობის შეცვლა მოუწევთ. 

,,პრობლემა, პირველ რიგში, იჯარასთან დაკავშირებით შეგვექმნა. ვეღარ ვხდით ფიზიკურად გადასახადს და შეიძლება ამის გამო ადგილის დაკარგვა და შენობის დაცლა მოგვიწიოს. გარდა ამისა, მხოლოდ ჩვენი ბაღიდან 30 ადამიანი დარჩა უმუშევარი, რომელიც ახლა 200-ლარიანი დაფინანსების იმედადაა. რა თქმა უნდა, ეს არის მიზერული თანხა და ჩვენ რეალურად დროზე თუ არ გავიხსნებით, დავკარგავთ პერსონალს, რომლებიც თავს უკვე ვეღარ ირჩენენ და ალტერნატიულ სამუშაოს ეძებენ. 

მშობლების ნახევარზე მეტმა უკვე განაახლა მუშაობა სხვადასხვა ორგანიზაციებში და არავინ ჰყავთ დამტოვებელი, ძიძას კი ასე უცებ ვერ იპოვნი. თანხის გარდა,  პრობლემაა სანდო ადამიანის მოძებნაც. ამიტომ მშობლები დგანან სამსახურების დაკარგვის საფრთხის წინაშე. ბავშვებისათვის კი ამდენხანს სახლში გამოკეტვა უდიდესი სტრესია“, - განაცხადა ,,იავნანას“ ხელმძღვანელმა.

მსგავსი პრობლემებია ვალდორფის ორ საბავშვო ბაღშიც, რომლის საქმეთა მმართველი, მაია ღვინჯილიაც აღნიშნავს, რომ მძიმე მდგომარეობაში და გაურკვეველი მოლოდინის რეჟიმში არიან, თუ როდის განაახლებენ მუშაობას.

,,4 მარტს შევწყვიტეთ მუშაობა. თავიდან, მოლოდინი გვქონდა, რომ აპრილიდან პროცესი განახლდებოდა, თუმცა პირიქით, აპრლიდან სრულად შეწყდა შემოსავალი. ჩვენ ორი საბავშვო ბაღი გვაქვს. ერთ ბაღში გარკვეული ვალდებულებების შესასრულებლად თანხა გვქონდა გადანახული და ამით გავცემთ ხელფასს, მეორე ბაღში კი საერთოდ შევაჩერეთ თანხის გაცემა და 200-ლარიან პროგრამაში ჩაერთნენ ჩვენი დასაქმებულები. 

ჩვენი ორგანიზაცია კი ამასობაში ვერ ასრულებს ისეთ ვალდებულებებს, როგორიც შრომის უსაფრთხოების და საიჯარო გადასახადია, რაც გროვდება და შემდეგ ერთიანად მოგვიწევს გადახადა. 

მშობლები რეკავენ და ყვებიან, რომ მათ შვილებს აქვთ კითხვები, რატომ ვერ გადიან გარეთ, რატომ არ დადიან ბაღში? მშობლებს კი არ აქვთ პასუხი, რადგან 3-4 წლის ბავშვს, ვერ შეაშინებ გლობალური პანდემიის დეტალების ახსნით. გარდა ამისა, მას შემდეგ რაც სამსახურები გაიხსნა, მშობლებმა ახლა უკვე არ იციან სად წაიყვანონ შვილები და გვეკითხებიან, ხომ არ შეუძლია რომელიმე პედაგოგს, სახლში მიაკითხოს. ესეც არ არის დაშვებული.  ჩვენ კი ვართ მოლოდინის რეჟიმში და არ ვიცით, როდიდან განვაახლებთ მოშაობას", - უთხრა "ბიზნეს-რეზონანსს" მაია ღვინჯილიამ.

ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში კი სხვადასხვა შეზღუდვებით, თუმცა ბაღებმა ფუნქციობა დაიწყეს. გერმანიაში, შტუდგარტში ერთ-ერთი ბაღის აღმზრდელია  მია მეშველიანიც, რომელიც  იმ რეგულაციების შესახებ გვიყვება, რითიც მუშაობის გაგრძელება უწევთ. 

,,სწავლა სრულად არც შეწყვეტილა ჩვენს ბაღში. ექიმებისა და პოლიციელების შვილებისათვის მორიგეობით, თუმცა მუშაობას ვაგრძელებდით. თავიდან ასეთი მხოლოდ 2 აღსაზრდელი გვყავდა. შემდეგ ნელ-ნელა მოემატა რაოდენობა, რადგან გაფართოვდა სამსახურების აღდგენის მასშტაბი. ამ ეტაპზე პანდემიის პარალელურად მუშაობას ვსწავლობთ. ჯგუფებში მხოლოდ 10 ბავშვია დასაშვები, აქამდე 22 იყო და აუცილებელია როგორც სამედიცინო შემოწმება და თერმოსკრინინგი, ასევე შეძლებისდაგვარად ფიზიკური დისტანცირების დაცვაც, სწავლის, კვებისა და თამაშისას. არსებული ინფორმაციით კი 26 ივნისიდან  ძველ რეჟიმზე გადავდივართ“, - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზნანსს“ მია მეშველიანმა. 

მიუხედავად საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოწვევებისა, რომლის წინაშეც ბაღები და აღსაზრდელების მშობლები დგანან,  მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ამბობენ, რომ კერძო ბაღები მუშაობის განახლებას მოახერხებენ მხოლოდ სექტემბრიდან, ანუ მაშინ, როდესაც სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიც აღადგენენ მუშაობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×