"საჭიროა ყველა ტიპის თხევად გაზზე ერთიანი აქციზის შემოღება და იგი 1 ტონაზე განისაზღვროს მინიმუმ 450 ლარით"
ირაკლი ლომიძე
08.06.2020

თხევადი გაზის ბაზრის დარეგულირების საკითხმა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ შესაძლებელი ხდება, რომ სფერო მოწესირიგდეს და თხევადი გაზის ხარისხის, რეალიზაციისა და უსაფრთხოების პრობლემა კანონით დარეგულირდეს. საქართველოს პარლამენტში განხილვაშია კანონპროექტი საქართველოს „საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის“ შესახებ, რომელიც ეხება თხევადი გაზის იმპორტისა და რეალიზაციის რეგულირებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის, ბუნებრივი გაზის ავტოგასამართი სადგურების ასოციაციისა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ერთობლივი განცხადება გავრცელდა. როგორც მხარეები აღნიშნავენ, თხევადი გაზის იმპორტისას დაბეგვრის მოქმედი მოდელი მკვეთრად ზღუდავს კონკურენტულ გარემოს, არათაბარ მდგომარეობაში აყენებს ერთსა და იმავე ინდუსტრიაში სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწე კომპანიებს და იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მილიონობით დანაკარგებს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტებით,  ახალი რეგულაციები დღეს არსებულ მანკიერ პრაქტიკას და დაგროვილ პრობლემებს გადაწყვეტს. თავის მხრივ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ თხევადი გაზის იმპორტისას დაბეგვრის მოქმედი მოდელი მკვეთრად ზღუდავს კონკურენტულ გარემოს, არათაბარ მდგომარეობაში აყენებს ერთი და იგივე მიმართულებით მოღვაწე კომპანიებს და იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მილიონობით დანაკარგს. 

,,რადგან ბუნებრივი გაზი და თხევადი გაზი ურთიერთჩანაცვლებადი პროდუქტებია, არ შეიძლება ამ ტიპის პროდუქტებზე დაწესებული აქციზის გადასახადის ურთიერთპროპორცია არ ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს.

აქციზის გადასახადით დაბეგვრის მოქმედი ე.წ. ორეტაპიანი რეჟიმი გულისხმობს, პირველ ეტაპზე, პროდუქციის განბაჟებისას, ყოველ 1000 კგ-ზე აქციზის გადასახადის სახით 120 ლარის გადახდას, ხოლო თუ აღნიშნული პროდუქციის მიწოდება ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების გასამართად, მეწარმეების მიერ უნდა ხდებოდეს რეალიზაციის შემდგომ აქციზის გადასახადის სახით დამატებით 180 ლარის გადახდა. 

სამწუხაროდ, დამკვიდრებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მაშინ როცა საქართველოში იმპორტირებული თხევადი გაზის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გასამართად გამოიყენება, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით 2018 წელს იმპორტირებული თხევადი გაზის მხოლოდ 30.8%-ის განბაჟება მოხდა როგორც კომერციული გაზი (ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მისაწოდებლად), 2019 წელს კი ამ მაჩვენებელმა უკვე მხოლოდ 23.4%-ს შეადგინა“, - აღნიშნულია განცხადებაში . 

კანონპროექტი  ითვალისწინებს ერთეტაპიანი დაბეგვრის მოდელის შემოღებას, რომლის მიხედვითაც იმპორტიორები, იმპორტის განხორციელებისთანავე მოახდენენ ერთიანი აქციზის გადასახადის გადახდას სახელმწიფო ბიუჯეტში, ისევე როგორც ეს ხდება სხვა ნებისმიერი ნავთობპროდუქტის იმპორტისას. 

,,კანონპროექტით განსაზღვურლი მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება უაქციზო სასაქონლო კოდებს. კერძოდ, დღეისათვის საგადასახდო კოდექსში არსებობს “საგადასახადო ხვრელი”, რაც გულისხმობს ნავთობპროდუქტის, ამ შემთხვევაში თხევადი გაზის, იმპორტს აქციზის გადასახადის გადახდის გარეშე. თუ ზემოაღნიშულ სასაქონლო კოდზე (2901100000000) 2016 წელს იმპორტირებული იყო მხოლოდ 1.7 ტონა თხევადი აირი, 2019 წელს ამ სასაქონლო კოდის გამოყენებით იმპორტირებულმა თხევადმა აირმა უკვე 12.6 ათასი ტონა შეადგინა და ამ ოპერაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტმა მიიღო “ნულოვანი შემოსავალი”.

ბუნებრივი გაზი და თხევადი გაზი ურთიერთჩანაცვლებადი პროდუქტებია. შესაბამისად, არ შეიძლება ამ პროდუქტებზე დაწესებული აქციზის გადასახადის ურთიერთპროპორცია არ ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს. დღევანდელი მდგომარეობით, თხევად გაზზე, ბუნებრივ გაზთან შედარებით დადგენილი მნიშვნელოვნად დაბალი აქციზის გადასახადი არასამართლიან და არაკონკურენტულ მდგომარეობაში აყენებს ბუნებრივ გაზს. 

ამ ვითარებამ უკვე მოიტანა თავისი მკვეთრად უარყოფითი შედეგი: უკანასკნელ პერიოდში დაიხურა 35-ზე მეტი ბუნებრივი გაზის სადგური, დაიკარგა სამუშაო ადგილები და ჩადებული ინვესტიციები. ბუნებრივი გაზის სადგურების დახურვის პროცესი დღესაც გრძელდება. აქვე ცნობისათვის: ბუნებრივი გაზის სადგურის მშენებლობას 20-25 ჯერ მეტი ინვესტიცია სჭირდება, ვიდრე თხევადი გაზის სადგურის მოწყობას“, - ასეთია კანონპროექტის ინიციატორთა მოსაზრება. 

გარდა ამისა, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელზეც უნდა იყოს დამოკიდებული აქციზის განაკვეთის პროპორცია ამ პროდუქტებს შორის არის მათი ზეგავლენა ეკოლოგიაზე. ბუნებრივი აირი არის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა საწვავი, რაც პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ მასზე დაწესებული აქციზის განაკვეთი, გადასახადის ბუნებიდან გამომდინარე, უნდა იყოს დაბალი, ვიდრე თხევად გაზზე. ამასვე ცხადყოფს საერთაშორისო პრაქტიკაც.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაცია, ბუნებრივი გაზის ავტოგასამართი სადგურების ასოციაცია და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი, რომლებიც აერთიანებენ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიების დიდ უმრავლესობას, მიმართავენ საქართველოს პარლამენტს, რომ მოხდეს ყველა ტიპის თხევად გაზზე ერთიანი აქციზის შემოღება და იგი 1 ტონაზე განისაზღვროს მინიმუმ 450 ლარით. ბიზნესგაერთიანებების განმარტებით,  ნავთობპროდუქტებზე დაწესებულ აქციზის განაკვეთებს შორის სამართლიანი პროპორციის დადგენის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება ნავთობპროდუქტებისა და გაზის ინდუსტრიაში სამართლიანი, კონკურენტული და ჯანსაღი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბება და ყველა მონაწილისათვის ერთნაირი სასტარტო პირობების შექმნა, რაც არის ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი ბიზნესის განვითარების ქვაკუთხედი. 

შეგახსენებთ, თხევადი გაზი არის ნავთობპროდუქტი და იგი მიიღება ნავთობის გადამუშავების შედეგად ქიმიური პროცესების მეშვეობით. ბუნებრივი გაზი კი ორგანული ნაერთია, რომელიც ბუნებაში პირდაპირი სახით მოიპოვება ყოველგვარი გადამუშავების გარეშე. ამას გარდა, იგი უფრო მსუბუქია, ვიდრე თხევადი გაზი და დაღვრის დროს მისი გაფრქვევა ხდება ჰაერში. შესაბამისად, იგი, სპეციალისტების განმარტებით, სხვა საწვავებისგან განსხვავებით, არ ერევა ნიადაგში და არ იწვევს მის დაბინძურებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×