
საქართველო 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის, ივლისიდან კი, საერთაშორისო ტურიზმის გახსნისთვის ემზადება. საკითხზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა.
მან პირველ რიგში ხაზი გაუსვა უსაფრთხოებას, ამასთან, ამბობს, რომ ქვეყანამ კონკურენტუნარიანობა არ უნდა დაკარგოს.
„ტურიზმის ინდუსტრიის გახსნა მოხდება ეტაპობრივად, ფრთხილად და უკიდურესად გადაზღვეულად. ტურიზმი აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხო, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მოგზაურობისთვის, ასევე საერთაშორისო ვიზიტორების მიღებისთვის", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, პირველი საერთაშორისო ტურისტი ისრაელიდან შემოვა. რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, ეს ეტაპობრივად გადაიხედება, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში ეპიდვითარება ცვალებადია.
„საქართველო მზად არის სრულად , შემუშავებულია რეკომენდაციები, რომელიც ეხება კვების ობიექტებს, ტურისტულ ტრანსპორტს, გიდს, შოპინგ მოლებს, რომელიც შეიძლება იყოს პოტენციურად საერთაშორისო მოგზაურების მიერ გამოყენებული.
საქართველოში არსებული სამივე საერთაშორისო აეროპოტრი, სრულად ადაპტირდება.
ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტისთვის ბევრი ფილტრი იქნება, თან ისე, რომ კონკურენტუნარიან ქვეყანად დავრჩეთ და არ შევქმნათ დამატებითი ბარიერები მათთვის.
ქვეყნების ჩამონათვალი ეტაპობრივად გადაიხედება. მთავარი კრიტერიუმი იქნება მეორე ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება.
მუდმივ რეჟიმში ახლდება ე.წ. მწვანე ქვეყნების ჩამონათვალი. ძალიან აქტიურ ფაზაში გვაქვს მოლაპარაკება ისრაელთან და ვფიქრობთ, რომ ალბათ ისრაელი იქნება ის პირველი ქვეყანა, ვისთანაც განახლდება საჰაერო მიმოსვლა, მათ შორის აღდგება ტურისტული ნაკადების მიმოსვლა.
ევროკავშირის ქვეყნებთან ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა, მოგეხსენებათ, რომ პირველ რიგში ევროკავშირი მხოლოდ წევრ ქვეყნებთან ხსნის ტურისტულ ნაკადებს. ყველა ველოდებით ივლისის დასაწყისში ევროკავშირის ძირითად რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოხდეს მესამე ქვეყნებთან გახსნა.
ასევე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ როგორც კი იქნება გადაწყვეტილება მიღებული მესამე ქვეყნებთან გაიხსნას საჰაერო მიმოსვლა, საქართველო იქნება იმ ძალიან ცოტა ქვეყანათა შორის, ვისთანაც მოხდება საჰაერო მიმოსვლის გახსნა", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.