ელზა პაპოშვილი
08.06.2020

სისხლიანი დაპირისპირება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში. „ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატსა და მის თანასოფლელებს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც, თვითმხილველების ინფორმაციით, დეპუტატმა გიორგი ჭინჭარაულმა ისინი დანით დაჭრა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ დეპუტატი, რომელმაც, სავარაუდოდ,  თანასოფლელები დაჭრა, თამაზაშვილების ახლო მეგობარია.  ჭრილობები ორ მამაკაცს გულ-მკერდისა და მუცლის არეში აქვთ მიყენებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც დედოფლისწყაროს საავადმყოფოდან პაციენტები თბილისში გადმოიყვანეს.

ადგილობრივები ყვებიან, რომ საკრებულოს დეპუტატი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სისხლიან გარჩევას კი წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღვოდა.  თავდაპირველად მისივე მოგვარე  ძმებმა, ვინც ახლა დაჭრილია, ჭინჭარაულს სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სწორედ ამის შემდეგ  დეპუტატი სახლში  წავიდა,   დანა გამოიტანა, რომლითაც შემდეგ დანაშაული ჩაიდინა.   

ადგილობრივები ამბობენ, რომ ჭინჭარაული ლექსო თამაზაშვილის უახლოესი მეგობარია და სწორედ ამის წყალობით გახდა საკრებულოს დეპუტატი. ჭინჭარაულს წარსულში დედის ცემასა და ხულიგნობაზე ედავებოდნენ.  დაჭრილი ძმები კი დეპუტატების ნათესავები არიან. 

რეალურად რა იყო მათ შორის დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. როგორც სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, ამ პიროვნებას ადგილობრივები მუდმივად ერიდებოდნენ, რადგანაც კონფლიქტური ხასიათი აქვს.  

„ეს დაჭრილი ბიჭები დეპუტატის ნათესავები არიან. ადრეც ჰქონდათ რაღაცაზე ჩხუბი. მოკლედ ეს გიორგი ჭინჭარაული სოფელში ვერავის შველდება. საკმაოდ კონფლიქტური და აფექტური ხასიათით გამორჩეული ადამიანია. აქ არის თამაზ თამაზაშვილის რეკომენდაციით დანიშნული. მისი ახლობელია. 

“ადრე დედის ცემის ფაქტზეც კი იყო დაკავებული. ყველა შავბნელ საქმეს თუ რამე არის სოფელში გასაკეთებელი, ამას აკეთებინებენ. 

“რა მოხდა და რაზე დაიწყო კონფლიქტი, ჯერჯერობით უცნობია. ამ ძმებს უცემიათ. ამის შემდეგ სახლში წასულა, დანა აუღია და მოუვარდათ უკან. ორივეს მძიმე ჭრილობები მიაყენა. არ ვიცი როგორ გადარჩებიან, გულკერდს არეში აქვთო ძმებს დაზიანებები მიყენებული. პოლიციამ, როგორც ვიცი, დააკავაო. მარა ეს კაცი რომ ასეთ მძიმე ქცევებში არაერთხელ ყოფილა  შემჩნეული, ახალი ამბავი არაა“,-ამბობს ადგილობრივი მცხოვრები „რეზონანსთან“.  

სავარაუდოდ, დეპუტატის გია ჭინჭარაულის მიერ დაჭრილი ორი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ერთ-ერთი ძმა თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს. 

ექიმი მარიამ ქენქაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ დაჭრილი მამაკაცების სასიცოცხლო ორგანოები დაზიანებული აქვთ. მათ ჭრილობები ძირითადად მუცლის და გუმკერდის არეში აქვთ მიყენებული. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. 

„დედოფლისწყაროდან  1 პაციენტი 23 წლის ახალგაზრდა შემოიყვანეს. მას  გულმკერდსა და მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობების აქვს.  მართვით სუნქვაზე იმყოფება. ამ ეტაპისთვის, ზოგადი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, თუმცა მძიმე. მიმდინარეობს მკურნალობა," - განაცხადა რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგმა მარიამ ქენქაძემ. 

ქირურგი გიორგი ბოსტანაშვილი კი, რომელმაც ძმებს ოპერაცია ჩაუტარათ, ამბობს, რომ ერთს დაზიანებული აქვს ფილტვი, მეორეს კი ღვიძლი, რომელმაც შედარებით მეტი სისხლი დაკარგა. ორივე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. 

„გუშინ შემოყვანილ პაციენტებიდან ერთს დაზიანებული აქვს ფილტვი, მეორე პაციენტი კი მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობით, ღვიძლის დაზიანებით და სისხლის დიდი დანაკარგით. მართვით სუნთქვაზე გახდნენ გადაყვანილი“, - ამბობს ქირურგი გიო ბოსტოღანაშვილი.

ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი ჭინჭარაული ამჟამად უკვე  დაკავებულია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.          

ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×