რეზონანსი
07.06.2020

8 ივნისიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება, მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს. გიორგი გახარიას თქმით, კვლევები აჩვენებს, რომ ქვეყანაში ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება, ხოლო ვირუსის გავრცელების რისკები შემცირებულია.

მგზავრობისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები. კერძოდ, სავალდებულოა პირბადის ტარება. იკრძალება კონდიციონერის ჩართვა და მძღოლებს ფანჯრების გაღების ვალდებულება აქვთ.

ამასთან, აკრალულია სატრანსპორტო საშუალებაში ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა.

რაც შეეხება რკინიგზით მგზავრთა გადაყვანას, საქართველოს რკინიგზა მუშაობის აღდგენისთვის ემზადება. კომპანიაში სავარადუდო თარიღად 15 ივნისს ასახელებენ. კომპანიის ინფორმაციითვე, მგზავრობის საფასური არ გაძვირდება. სარკინიგზო მიმოსვლისთვის შემუშავებულია რეკომენდაციები.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ძირითადი რეკომენდაციებია:

სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებში უზრუნველყოფილი იყოს მგზავრთა ვიდეოსკრინინგი ან თერმოსკრინინგი; შემუშავდეს საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმა;

ინფექციის შემცირების მიზნით სერვისცენტრში, სატრანსპორტო საშუალებაში და სამუშაო ადგილებზე თვალსაჩინო ადგილზე განთავსდეს ინფორმაცია ახალი კორონავირუსისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ; აგრეთვე აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენებით მოხდეს მომხმარებელთა ინფორმირება კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ;

უნდა შეიზღუდოს მატარებელში ჟურნალების, ბუკლეტებისა და გაზეთების გავრცელება; იკრძალება მგზავრებისთვის ტრანსპორტირების დროს სამგზავრო ბალიშები, ყურსასმენები და ა.შ. გარდა ერთჯერადი ინდივიდუალური ნივთებისა.

ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას, მატარებლის ყველა შესასვლელში განათავსოს დეზობარიერი და ხელის დეზინფექციის დისპენსერი; ვაგონში მგზავრთა ყოფნის, ჩასხდომისა და გადმოსხდომის დროს უზრუნველყოს უსაფრთხო დისტანციის დაცვა; ასევე, უზრუნველყოს მომსახურე პერსონალი ნიღბებით და გააფრთხილოს მომსახურე პერსონალი იმის შესახებ, რომ სავალდებულოა მინიმალური კონტაქტი მგზავრებთან.

ამასთან რეკომენდებულია ბილეთის წინასწარ, ელექტრონულად შეძენა, რათა თავიდან იყოს აცილებული რიგში დგომის რეჟიმის გამოყენება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×