
“ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“ - დამოუკიდებელი დეპუტატები ახალ პარტიას ქმნიან. ახალ პოლიტიკურ მოძრაობაში ერთიანდებიან უმრავლესობის ყოფილი წევრები, რომლებმაც მმართველი პარტიის რიგები დატოვეს.
პარტიის თავმჯდომარე იქნება ბექა ნაცვლიშვილი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე. ამავე პარტიაში იქნებიან და სხვადასხვა პოლიტიკურ თანამდებობას დაიკავებენ მარიამ ჯაში, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი.
ახალი პარტიის მთავარი გზავნილი არის, ის რომ მიუხედავად მცირე დროისა, ისინი აქტიურად მოემზადებიან არჩევნებისთვის.
მათი თქმით, არჩევნებში იქნებიან დამოუკიდებელი მოთამაშეები და არ გეგმავენ, რომ მაჟორიტარული ოლქები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაიყონ.
“5 მოქმედი დეპუტატი - ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე და მე, ხოლო თბილისის საკრებულოდან ჯაბა ჯიშკარიანი გავერთიანდებით აღნიშნულ პარტიაში. ჩვენ, ბუნებრივია, ღია ვართ თანამშრომლობისთვის სხვა კოლეგების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო გავფართოვდებით. ჩვენი ხედვა იქნება პოზიტიური დღისწესრიგის, ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 30-წლიანი პოლიტიკური დაპირისპირება უნდა დასრულდეს,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
"პარტიის თავმჯდომარე იქნება ბექა ნაცვლიშვილი, გენერალური მდივანი იქნება მარიამ ჯაში. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იქნება ზვიად კვაჭანტირაძე. პარტიაში ჩვენი ფუნქცია და როლი ყველას გვექნება," - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
ახალ პარტიას, ამ ეტაპზე, 16 წევრი ჰყავს.