ელზა პაპოშვილი
06.06.2020

ბაგებში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმის გამოძიება გრძელდება. სამართალდამცცველები  კვლავ არკვევენ, რეალურად რა მოხდა.  პოლიციამ  სროლის და ქუჩური გარჩევის ფაქტზე ორი ბიზნესმენი დააკავა. გამოძიების მიხედვით  მომხდარის ვერსია ასეთია - ბიზნესმენებს  მერაბ ხიდაშელს, გიორგი წიკლაურს და მერაბ გურჩიანს, რომლებიც  ლაუნჯ "არტ ჰაუსის" მეწილეები არიან, დაპირისპირება მოუვიდათ. სისხლიანი გარჩევის შედეგად გიორგი წიკლაური და მისი მეგობარი ირაკლი პაპავა დაიჭრნენ. 

დაკავებულია დაპირისპირებაში კიდევ ერთი მონაწილე, რომელსაც ორი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. თუმცა, მისი ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია და გამოძიება მის იდენტიფიცირებას ცდილობს.  

რაც შეეხება დაჭრილებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოხცლეს საფრთხე არ ემუქრება. ბიზნესმენებთან დაახლოვებული პირი კი „რეზონანსს“ უყვება, რომ უთანხმოება ხიდაშელსა და წიკლაურს შორის დიდი ხანია არსებობს. 

გიორგი წიკლაურის გარდა, ბაგებში მომხდარ დაპირისპირების საქმეში ირაკლი პაპავას სახელი და გვარიც ფიგურირებს. ირკვევა რომ ფინანსური დავა ხიდაშელს სწორედ გიორგი წიკლაურთან ჰქონდა, ახლა პაპავაც და წიკლაურიც დაჭრილია, დაკავებული ბიზნესმენი კი ბრალდებას არ აღიარებს, ამბობს, რომ სროლის დროს შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა.              

ირკვევა რომ საქმეში, ორი - ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი ფიგურირებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს, რა ნივთმტკიცებები დევს საქმეში და რის საფუძველზე დააკავეს მერაბ ხიდაშელი, რომლისთვისაც უცნობი რჩება, თუ რომელი პირის დაჭრას ედავება გამოძიება.

გარჩევაში მონაწილე დაჭრილი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გიორგი წიკლაურს ცივი იარაღით სახისა და ბარძაყის არეში აქვს დაზიანება მიყენებული, ირაკლი პაპავა კი ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი. 

სისხლიანი ბიზნესდავის დეტალები არ იციან თვითმხილველებმა და შემთხვევის ადგილზე მცხოვრებლებმა. თუმცა ისინი ყვებიან, რა მოხდა   გუშინ საღამოს ბაგებში. 

„რეზონანსთან“ ადგილობრივები ამბობენ, რომ დაჭრა ჯერ ცივი იარაღით მოხდა. შემდეგ  კი სროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე მოხდა. ადგილობრივებმა დაინახეს მანქანები, რომელთაც შემთხვევის ადგილი გასროლიდან მალევე დატოვეს.

„ხალხმა დაინახა, რომ ორი დაჭრილის გარდა კიდევ ერთი იყო, მაგრამ მან ტერიტორია დატოვა. როგორც ვიცით, მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს. ჯერ ხალხმა დაინახა, რომ სიტყვიერი დაპირისპირება იყო, შემდგ დაჭრა მოხდა. ამის მერე კი იარაღიდან გასროლის ხმა გავიგონეთ. ჩხუბში მონაწილეებმა კი ტერიტორია ავტომობილებით დატოვეს. როგორც გავიგეთ, ბიზნესმენები ყოფილან, რომლებიც წილების გაყოფაზე დაობდნენ“,-უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი.           

შეიარაღებული გარჩევის მთავარი დაზარალებულისა და "არტ ჰაუზის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი წიკლაურის გამოკითხვა კი შაბათს მოხდა. დაზარალებული სამართალდამცველებს ჩვენებას დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში აძლევდა.

ის აცხადებს, რომ მას თავს ოთხი შეიარაღებული ადამიანი დაესხა. თუმცა მათი სახეები ვერ გაარჩია, რადგანაც  შენიღბულები იყვნენ. ის ვერ იხსენებს ვერაფერს ისეთ, რომლითაც თავდასხმელების იდენტიფიცირება მოხდება.  ის მხოლოდ მერაბ ხიდაშელს ასახელებს, რომელმაც სავარაუდოდ, ამ ყველაფრის ორგანიზება მოახდინა.  

“ყურმოკრულად ვიცი მეც, რომ მესამე პირიც ფიგურირებს, ვინაიდან მე სისხლის სამართლის საქმესთან წვდომა არ მაქვს, აქედან გამომდინარე, ინფორმაციას არ ვფლობ, მერაბ ხიდაშელს ედავებიან ჯგუფურად ძალადობას, თუმცა ვის მიმართ, რა ფორმით, ამის შესახებ ჯერჯერობთ ჩვენთვის უცნობია. თვითონ კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის ძალადობაში მონაწილეობას," - აცხადებს მერაბ ხიდაშელის ადვოკატი დავით კორკოტაშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×