
გაურკვეველ სიტუაციაში მოკლული 32 წლის მამაკაცი. შემთხვევა სოფელ ქვემო ბოლნისში მოხდა, სადაც ახალგაზრდა ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა მოკლა. ვინ და რატომ გაუსწორდა მამაკაცს, ამ დრომდე უცნობია და გამოძიება იკვლევს. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მკვლელობის ღამით ეს კაცი მეგობართან იმყოფებოდა. თუმცა არ იციან, რა ვითარებაში და როგორ მოკლეს.
სოფელში ამბობენ, რომ მას კონფლიქტი არავისთან ჰქონია და გაუგებარია რა უნდა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი. კაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სამი ჭრილობა აქვს. მკვლელობის დღეს ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
ადგილობრივი მამედ მუჰამედოვი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს საზარელი ფაქტი, სავარაუდოდ, გუშინ ღამით 11 საათზე მოხდა. მისი ინფორმაციით, ის 4 მეოგობართან ერთად ტყის პირას მდებარე მდინარესთან ქეიფობდნენ და მისი მკვლელობა ზუსტად ამ დროს მოხდა.
ჯერჯერობით უცნობია, რომელიმე მისმა მეგობარმა მოკლა ის თუ მათ სხვა პირებთან კონფლიქტი მოუვიდათ. 4-ვე მეგობარი პოლიციაში დაკითხვაზეა გადაყვანილი და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა გახადა 32 წლის მამაკაცის მკვლელობის მიზეზი.
„არავინ არ იცის რეალურად რა მოხდა. ბიჭს ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. მეგობრებს მოუვიდათ ჩხუბი თუ სხვა პირებთან ჯერჯერობით არავინ არაფერი არ იცის. სოფელში თავად ამ მეგობრებმა დარეკეს, რომ უბედურება დატრიალდა. ტყეში მდებარე ტბის პირას ქეიფობდნენ და იქ რა მოხდა, მხოლოდ ამ 4-მა ახალგაზრდამ იცის. შვილები ობლად დარჩა, არავისთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონდა. ხელით საჩვენებელი ახალგაზრდა იყო. ალბათ ყველაფერი ცნობილი ამ ახალგაზრდების დაკითხვის შემდეგ გახდება“, - აცახდებს ადგილობრივი „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერ ზურგის არეში, შემდეგ კი თავში ესროლეს. ყველა მათგანი სიცოცხლისთვის სრულიად შეუთავსებელი აღმოჩნდა. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზიდან სახლში გადაასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლისსამართლის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.