რეზონანსი
05.06.2020

პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, შესაძლოა პოლიტიკაში ვიხილოთ. მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილმა ოქტომბრის არჩევნებზე შესაძლოა, როგორც დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ისე იყაროს კენჭი.

მაჩალიკაშვილმა ეს გადაწყვეტილება თუ მიიღო, როგორც ამბობს, მისი მთავარი მიზანი სამართლიანობის მიღწევა, ასევე, "ქართული ოცნების" დამარცხება იქნება.

"ამ სისტემამ და ხელისუფლებამ გამანადგურა, ბევრჯერ მომკლა, მაგრამ მაინც არ დავეცემი, ბოლომდე ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა და დამნაშავეები არ დაისჯებიან. მნიშვნელობა არ აქვს, სად ვიქნები, საამისოდ ყველა გზას და ხერხს გამოვიყენებ, თუნდაც - პოლიტიკას. ჯერ არ მაქვს საბოლოოდ გადაწყვეტილი. ვფიქრობ, იქნებ ასე უფრო იოლად შევძლო იმ მიზნის მიღწევა, რისთვისაც სამი წელია სახელმწიფო მანქანის წინააღმდეგ ვიბრძვი. კიდევ უნდა გავიარო კონსულტაციები და გავიგო ხალხის აზრიც. არ მინდა ხალხმა ის თქვას, აი, თურმე რისთვის იბრძოდა მაჩალიკაშვილი, პოლიტიკაში მოსვლა ნდომებიაო. ეს მძიმე დარტყმა იქნება ჩემთვის, ამიტომ უნდა გავიგო ხალხის აზრი. ძალიან ბევრ ადამიანს უნდა, პოლიტიკაში წავიდე, მირეკავენ, მწერენ და მათაც დამაფიქრეს. ამასთან, ჩემს გარდა, საქართველოში ბევრია უსამართლოდ დაჩაგრული ხალხი და მინდა, არა მარტო ჩემი საქმისთვის და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნისათვის, მათთვისაც ვიბრძოლო და დავეხმარო.

ვიცი, პოლიტიკაში მოსვლისთვის მზად უნდა ვიყო. ღმერთმა იცის, რამდენი სიბინძურე და ჭორი წამოვა... ბევრს ვფიქრობ იმაზე, რომ იქნებ ამ გზით უფრო იოლად მივაღწიო მიზანს და სხვა უსამართლობის მსხვერპლებსაც დავეხმარო. ესაა ჩემი მიზანი, თორემ მე არც სიმდიდრე მჭირდება, მთელი სამყაროც რომ მაჩუქონ, არც ეს მინდა. პრივილეგიები თუ მჭირდება, იმისთვის მჭირდება, სამართალს მივაღწიო, სხვა არაფერი მინდა", - განაცხადა მაჩალიკაშილმა "კვირის პალიტრასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×