დე ფაქტო პრეზიდენტს უნდა, რომ ყველა გზა გადაკეტოს და ხელში ჩაიდგოს გარკვეული შემოსავლები
გვანცა წულაია
03.06.2020

ოკუპირებული აფხაზეთის “მთავრობას” “საზღვრების” მეტად გაკონტროლების სურვილი გაუჩნდა. დე ფაქტო პრეზიდენტი “წესრიგის დამყარების” სურვილითა და კონტრაბანდის სრულად ხელში ჩაგდების მიზნით, “საზღვრებზე” სრული კონტროლის დაწესებას აპირებს. როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, ასლან ბჟანიას სურვილი კონტრაბანდის გაკონტროლებითაა განპირობებული. 

ოუპირებული აფხაზეთიდან საქართველოში,ძირითადად, თამბაქო შემოდის, საქართველოდან კი აფხაზეთში სხვადასხვა სახის პროდუქცია გადის. მისი შეჩერება თითქმის შეუძლებელია, თუმცა მასზე სრულად კონტროლის სურვილი ე.წ. პრეზიდენტმა უკვე გამოთქვა. ასლან ბჟანია აცხადებს, რომ „აფხაზეთიდან საქართველოში მილიარდობით რუბლის ღირებულების პროდუქცია გადის და აუცილებელია სახელმწიფო საზღვრებზე სრული კონტროლის დაწესება“.

“ჩვენი საბაჟო კომიტეტისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, წელიწადში თხილეულის მოსავლის მოცულობა 11-12 ათასი ტონაა. ამ მოცულობის მაქსიმუმ 10% ექსპორტზე რუსეთში გადის, დანარჩენზე კი - საქართველოში და მთელი ეს თანხა იმ ხალხის ჯიბეებში ხვდება, რომლებიც, ზოგადად, კონტრაბანდით არიან დაკავებული”, - განაცხადა ბჟანიამ და დასძინა, რომ აუცილებელია ამ საკითხთან დაკავშირებული მიდგომის გადახედვა და ე.წ. “სახელმწიფო საზღვრებზე“ სრული კონტროლის დაწესება.

ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოში კონტრაბანდის სახით, ძირითადად, თამბაქო შემოდის, საქართველოდან კი, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, უმეტესწილად, საკვები პროდუქტი შედის, რადგან ოკუპანტ ქვეყანაში პროდუქცია ძალიან ძვირია. 

ექსპერტთა კლუბის წევრი ირაკლი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ დე ფაქტო პრეზიდენტს ამ განცხადებით სურს, დაამყაროს წერიგი კონტრაბანდაზე და უფრო მეტი თანხა შევიდეს ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტში.

“ბჟანიას განცხადებას აღვიქვამ, როგორც სურვილს, რომ დაამყაროს წერიგი კონტრაბანდაზე და უფრო მეტი თანხა შევიდეს ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტში. ფაქტია, რომ კონტრაბანდას აქვს ადგილი. როგორც ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოში, ისე - პირიქით. კონტრაბანდა პირობითი ნათქვამია, რადგან საზღვარი არ არსებობს. აფხაზეთის მხრიდან ამას ახორციელებს ის ხალხი, ვისაც “ადგილობრივ ხელისუფლებაში” აქვს კონტაქტები და სერიოზული გავლენა. ბჟანიას უნდა, რომ ყველა ეს გზა გადაკეტოს და სავარაუდო ვერსიაა, ხელში ჩაიდგოს გარკვეული შემოსავლები კონტრაბანდიდან. 

რამდენადაც ვიცი, ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოში მასობრივად სიგარეტი შემოდის. გარდა ამისა, თხილიც შემოაქვთ, რადგან იქ გადამამუშავებელი ქარხნები არ არის. ალბათ, მანდარინიც. ძირითადად ეს არის, რაზეც შეიძლება, ლოგიკურად ვიმსჯელოთ. შეიძლება აგრეთვე, რუსეთიდან, აფხაზეთის გავლით, რამე შემოჰქონდეთ, რაშიც ჩვენებიც და იქაურებიც დაინტერესებული არიან. 

საქართველოდან შედის კვების პროდუქტები, რადგან აფხაზეთში სურსათი საკმაოდ ძვირია. ერთი პერიოდი გადიოდა ყურძენი. იმისათვის, რომ რეგიონში შიმშილი არ იყოს, აქედან ხდება შეტანა. გალისა და ოჩამჩირის რაიონები უმეტესად ზუგდიდიდან მარაგდება”, - განაცხადა “რეზონანსთან” ირაკლი ცქიტიშვილმა. 

რას შეიძლება ნიშნავდეს ბჟანიას ეს განცხადება როგორც პოლიტიკურად, ისე - ეკონომიკურად? იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი მიიჩნევს, რომ, ერთი მხრივ, კარგია, როდესაც ე.წ. პრეზიდენტი მსგავს განცხადებას ავრცელებს. ამით ოკუპანტ ქვეყანას ეუბნება, რომ ისინი ვერ აკონტროლებენ იმას, რაც ოკუპირებულია.

“ბჟანიას განცხადება, ერთი მხრივ, არის აღიარება, რომ ისინი ოკუპაციაში მყოფ “სახელმწიფოს” ვერ აკონტროლებენ. არ იციან, რა მოცულობაზე აქვთ საუბარი და აბსტრაქტულ ციფრებს ასახელებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური თვალსაზრისით. 

ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ხდება ადმინისტრაციული საზღვრის გაკონტროლება. შესაბამისად, ეს მეტყველებს, რომ ის, რასაც ისინი კონტროლს ეძახიან, რეალურად არ გააჩნიათ და ეს არის სისუსტე და პრობლემა, რაც თავს ისედაც იჩენდა. აღიარება გულისხმობს, რომ ბჟანია რუსეთსაც ეწინააღმდეგება და მასაც ეუბნება, რომ ისინი ვერ ახერხებენ კონტროლს. მათ მიმართ საყვადურის ტონიც ჩანს, რადგან ისინი არიან აფხაზეთის ბატონ-პატრონები და არა - თავად აფხაზები. რეალურად ეს არის ამ განცხადების პოლიტიკური ნაწილი და შინაარსი. 

ასევე, სააშკარაოზეა გამოტანილი ის სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, რომლებსაც ე.წ. დე ფაქტო მთავრობა თავს ვერ ართმევს. ძალიან კარგია, რომ ბჟანია ასეთ განცხადებას ავრცელებს, რადგან ის ამით რუსეთს პირდაპირ საყვედურობს, რომ ისინი ვერ უვლიან იმას, რაც საქართველოსგან ოკუპირებულია”, - განუცხადა “რეზონანსს” აკაკი ჩარგეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×