
მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით, ინფლაცია გაორმაგებულია და ამ სავალალო ნიშნულიდან ფეხის მოცვლას არ აპირებს. მაისის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასების ზრდამ 6.5% შეადგინა. სპეციალისტები “რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ გაცილებით დიდია ინფლაცია საკვებსა და მედიკამენტებზე.
იმპორტირებული პროდუქციის გარდა, მნიშვნელოვნადაა გაძვირებული ადგილობრივი აგროპორუქტიც, რაც იმ ეკონომიკური შეზღუდვებითაა განპირობებული, რომლებიც ბოლომდე ჯერ კიდევ არ მოხსნილა, მაისის ბოლომდე კი სრული სიმკაცრით მოქმედებდა. შესაბამისად, სამომხმარებლო ბაზრებზე მიწოდება ვერ ხერხდება და ამიტომ ზოგიერთი პროდუქტის დეფიციტია, რაც გაძვირების მთავარი წინაპირობაა.
2020 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9 პროცენტი შეადგინა.
“საქსტატის“ ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების მკვეთრმა ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
ხილი და ყურძენი (ზრდა 47.1 პროცენტი); რძე, ყველი და კვერცხი (ზრდა 24.6 პროცენტი); თევზეული (17.1 პროცენტი); შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.5 პროცენტი); ყავა, ჩაი და კაკაო (13.9 პროცენტი); ხორცი და ხორცის პროდუქტები (13.5 პროცენტი); ზეთი და ცხიმი (13.1 პროცენტი); მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.5 პროცენტი); პური და პურპროდუქტები (9.2 პროცენტი); ბოსტნეული და ბაღჩეული (2.7 პროცენტი).
ეს სწორედ ის ძირითადი პროდუქტებია, რომლებსაც მოსახლეობა ყველაზე ხშირად ყიდულობს და ამიტომაც მათი გაძვირება ყველაზე მეტად მტკივნეულია. ეკონომისტი ირაკლი მაკალათია ამბობს, რომ საშუალო სტატისტიკური ოჯახისათვის საქართველოში, ბევრად დიდია ინფლაცია, რადგან პირველადი დანიშნულების პროდუქტზე ინფლაცია რეალურად 14.7%-ია.
,,სამწუხაროდ, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი (6.5%) დაფიქსირდა, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ სამომხმარებლო კალათა, რომელშიც 300 სასაქონლე პროდუქტია, მთლიანად არ გაძვირებულა და არის რიგი პროდუქტები, სადაც გვაქვს დეფლაცია ან ძალიან დაბალი ინფლაცია. ესეც პანდემიითაა განპირობებული, რადგან ადამიანები მხოლოდ პირველადი დანიშნულების პროდუქციას ყიდულობდნენ პანდემიის დროს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფასები ყველაზე მეტად არის გაზრდილი სურსათზე, რომელზეც მოსახლეობის დანახარჯის 30% მიდის. განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან ადამიანებზე აისახება ეს ყველაფერი მძიმედ. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება ფასების ზრდის მაჩვენებელი და ამის მოთოკვა ვერაფრით ხერხდება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საშუალო სტატისტიკური ოჯახისათვის ინფლაცია ბევრად მაღალია, ვიდრე ეს გასაშუალოებული მაჩვენებელი. აქვე უნდა ითქვას იმ 9 პროდუქტზეც, რომელთა სუბსიდირებაც მთავრობამ გადაწყვიტა, რათა საგანგებო მდგომარეობის დროს, მათზე ფასი არ გაზრდილიყო. თითქმის ყველაფერი გაძვირდა, გარდა პურისა. ამიტომ აქვს ყოველთვის უკუშედეგი მთავრობის მიერ ყველაზე კეთილშობილური მიზნით ჩარევასაც კი“, - აღნიშნა "რეზონანსთან" მაკალათიამ.
სტატისტიკოსი იმ მიზეზებზეც საუბრობს, რატომ შეეხო ფასის ზრდა განსაკუთრებით ადგილობრივ პროდუქციას.
“აგროპროდუქციასა და სხვა ადგილობრივ პროდუქტებზე ფასის ზრდა ცალსახადაა განპირობებული შეზღუდვებით, რომლებიც მთავრობის მიერ დაწესდა. ასევე იმოქმედა ბაზრებისა და ბაზრობების დახურვამ. ისედაც დიდი პრობლემაა, რომ იმპორტდამოკიდებულები ვართ და ახლა ესეც დაემატა. იმდენად შეიზღუდა ბაზარი, რომ ამან მთავარი როლი შეასრულა გაძვირებაში“, - განაცხადა სტატისტიკოსმა.
მაღალი ინფლაცია 2020 წლის შეუქცევადი ტენდენციაა. ასეთი ვითარება იყო წინა თვეებშიც. "საქსტატის" ინფორმაციით, 2020 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.
ეკონომიკის დოქტორის, სოფლის მეურნეობის ექსპერტ ბადრი რამიშვილის აზრით, ადგილობრივი პროდუქციის გაძვირების მთავარი მიზეზი ბაზრობების დახურვა და ლოგისტიკის პრობლემაა.
,,იმპორტირებული პროდუქციის გაძვირება, რა თქმა უნდა, აისახებოდა საერთო ინფლაციაზე, თუმცა მთავარი პრობლემა მაინც ბაზრობების დახურვა იყო. საქართველოში ისედაც ერთ-ერთ მთავარი პრობლემაა სოფლის მეურნეობაში ლოგისტიკის საკითხი. ფერმერების დიდ ნაწილს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავად მოახდინოს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია და ბუნებრივია, ეს იწვევს შემდგომში ფასის მატებას. ამას საგანგებო მდგომარეობის დროს დაემატა ისიც, რომ შეზღუდვების გამო რამდენიმე კომპანიას ჰქონდა რეალიზაციის საშუალება. ალბათ, ესეც არის გაძვირების განმაპირობებელი ფაქტორი“, - განუცხადა რამიშვილმა ,,რეზონანსს“.
ეროვნული ბანკის მიერ 2020 წლისთვის დადგენილი წლიური საბაზო ინფლაცია 3.0%-ია, მაგრამ ამ მაჩვენებლის მიღწევა უკვე წარმოუდგენელია.