
ბოლო დღეებია, ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით გამოკვეთილად დადებითი ტენდენციებია. პანდემიის პირობებში გაუფასურებული ლარი თავის პოზიციებს იბრუნებს. მთავარია, ეროვნული ვალუტა 3.0-იან ნიშნულს ჩამოსცდეს და ახალი წონასწორული კურსი დიდხანს შენარჩუნდეს. სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ლარს გამყარებაში ეკონომიკური გამოცოცხლება ეხმარება.
პანდემიის დროს გაუფასურებული ლარი ბოლო ერთი კვირაა, თითქმის 16 პუნქტით გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0416 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.0772 ლარი იყო. კიდევ უფრო დაბალია გაცვლითი ნიშნული გარე სავალუტო ბაზარზე, სადაც 1 აშშ დოლარი 3.02 ლარად იყიდება.
იმედიანად არიან განწყობილი როგორც ფინანსისტები, ასევე - ბანკირები. "თიბისი ბანკის" გენერალურ დირექტორ ვახტანგ ბუცხრიკიძეს მიაჩნია, რომ შესაძლოა, ლარის გამყარება სწორედ ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებას უკავშირდებოდეს.
“რთულია ძალიან იმის თქმა, მოკლე პერიოდში რამ გამოიწვია ლარის გამყარება, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც საქართველოში ხდება მაისის თვიდან დაწყებული, ძალიან კარგია - სხვადასხვა ტიპის ბიზნესები იხსნება... შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ახალმა ეკონომიკურმა აქტივობამ გამოიწვია ეს", - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
ლარმა ყველა ეტაპი განვლო. ეროვნულმა ვალუტამ კატასტროფულად გაუფასურებაც განიცადა და ანტირეკორდიც კი დაამყარა. ახლა გამყარების ჯერია. ეკონომისტი ლაშა გოცირიძე ამბობს, რომ ლარის გაძლიერების მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული პანიკის შესუსტებაა.
“ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართებით გამყარების მიზეზი შეიძლება, ბევრი იყოს. როდესაც კურსი 3,20-იან ნიშნულს გადასცდა, დიდი ალბათობით, ეს იყო პანიკის შედეგად მიღებული იმაზე დიდი გაუფასურება, ვიდრე რეალურად უნდა ყოფილიყო. ახლა უკვე, ლარი ნელ-ნელა ნორმალურ ნიშნულს უბრუნდება.
რას იზამს მომდევნო დღეებში ლარი, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, ისევე როგორც, ასე მალე რეალური, სიღრმისეული მიზეზების დადგენა და დასკვნების გაკეთება. უბრალოდ, ფაქტი ერთია, კორონავირუსით გამოწვეული ზედმეტი პანიკა შედარებით ჩაცხრა და ეს ლარზეც შესაბამისად აისახა“, - განაცხადა ლაშა გოცირიძემ "ბიზნესპრესნიუსთან”.
ამჟამინდელ ვითარებაში მნიშვნელოვანია, ეს დადებითი ტენდენციები დროებითი არ აღმოჩნდეს და ლარი კიდევ მეტად გამყარდეს. ფინანსისტი მიხეილ თოქმაზიშვილი სავალუტო ბაზარზე არსებულ დადებით ტენდენციას საერთო მოთხოვნის შემცირებას უკავშირებს.
“ლარის გამყარება დაკავშირებულია საერთო მოთხოვნის შემცირებასთან. გარდა ამისა, იმ პოზიტიურ ნაბიჯებთან, რომლებსაც დგამს ხელისუფლება და ეროვნული ბანკი. დახმარებები და აღებული თანხები, რომლებსაც ეკონომიკისთვის იღებს ხელისუფლება, ყველაფერი ჯერჯერობით პოზიტიურად მოქმედებს.
პერსპექტივაში ფუნდამენტური ფაქტორები არსებობს, რომლებსაც ქრონიკული ხასიათი აქვს. სწორედ ამას უნდა ყურადღების მიქცევა, რომ მომავალში უარყოფითი ზეგავლენა თავიდან ავირიდოთ”, - განუცხადა “რეზონანსს” მიხეილ თოქმაზიშვილმა.
ლარის გამყარებაზე რამდენიმე ფაქტორი ერთბაშად მოქმედებს. ფინანსისტი გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, ეს დაკავშვირებულია პოზიტიურ მოლოდინთან.
“ზოგადად, ლარის გამყარება უკავშირდება ეკონომიკურ პროცესებს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, უფრო მეტად - პოზიტიურ მოლოდინთან. ლარის გამყარება რეალურად ნიშნავს იმას, რომ დოლარის მიწოდება უფრო მეტია, ვიდრე შესყიდვა. ეს დაკავშირებულია იმ ანტიკრიზისულ მენეჯმენტთან, რომელიც მთავრობამ განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ აპრილის თვეში 16%-იანი ვარდნა გვქონდა, მთავრობის ნაბიჯებმა, რომლებიც ბიზნესის სტიმულირებისათვის გადაიდგა, საკმაოდ დადებითი როლი ითამაშა.
ფაქტობრივად, იგივე განწყობა აქვს მოსახლეობასაც, რომ ხვალ უკეთესობისკენ წავალთ პოსტკრიზისულ პერიოდში. როდესაც განწყობა არის საპირისპირო, მოსახლეობა იწყებს დოლარის ყიდვას, ცუდი დღისთვის გადადებას და იმავეს აკეთებს ბიზნესიც. დღეს ყველაფერი პირიქითაა. ბაზარზე დოლარის მიწოდებაა გაზრდილი და ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა ყიდის უცხოურ ვალუტას და ბიზნესიც არ ახდენს დამატებით დარეზერვებას.
ვიცით, რომ მთავრობის ანტიკრიზისული მენეჯმენტი ძალიან პოზიტიურად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. დაიწყო საერთაშორისო დახმარებების მიღება. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლის ნაწილი აისახება ბიუჯეტში, სოციალური პროგრამების დაფინანსებისა და ბიზნესის სტიმულირების მიმართულებით. აი, ეს ფაქტორები ქმნის იმ პოზიტიურ ფონს, რამაც ლარის გამყარებას შეუწყო ხელი”, - განუცხადა “რეზონანსს” გიორგი ცუცქირიძემ.