
ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ში საპროტესტო აქციების დარბევისას პოლიცია რეზინის ტყვიებს იყენებს, რომელსაც ადამიანის დაბრმავება, დასახიჩრება ან მოკვლა შეუძლია.
როგორც CNN-ი აღნიშნავს, გარდა რეზინის ტყვიებისა, პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები და წიწაკის სპრეი დემონსტრანტთა გასაკონტროლებლად.
„პოლიციის მიერ რეზინის ტყვიების გამოყენებამ აღშფოთება გამოიწვია, როდესაც სოციალურ მედიაში კადრები გავრცელდა, სადაც ჩანან ადამიანები, რომლებმაც თვალი დაკარგეს ან სხვა დაზიანებები მიიღეს", - წერს CNN-ი.
ნიუ-ჯერსის ბერგენის ოლქის პოლიციის ყოფილი უფროსის, ბრაიან ჰიგინზის განცხადებით, რეზინის ტყვიების გამოყენება მხოლოდ მაშინ არის დაშვებული, როდესაც პოლიცია უკიდურესად სახიფათო ბრბოს უპირისპირდება.