თამთა ჩაჩანიძე
03.06.2020

მეზობელ სომხეთში ეპიდვითარება კვლავ კრიტიკულია, 3 ივნისის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაიცვალა 12. ამ დროისათვის დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 10 524-მდე გაიზარდა, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 170-ს მიაღწია.

რთული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნოკოლ ფაშინიანი მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მკაცრად მოუწოდებს, აცხადებს, რომ არ არის საჭირო, მოსახლეობამ მთავრობა აიძულოს, რომ „ხელკეტები გამოიყენოს".

„ყველამ უნდა გააკეთოს არჩევანი, რა სურთ - ხელი შეუწყონ ეპიდემიის შეჩერებას თუ პირიქით, გავრცელებას. სომხეთში ბევრი ადამიანია, რომელიც ხელს უწყობს დაავადების გავრცელებას და ეს ჩვენი, ყველას შეცდომაა, ჩემით დაწყებული და ათასობით სხვა ადამიანით დასრულებული. ვიმეორებ, არ არის საჭირო, აიძულოთ მთავრობა, ძალა და ხელკეტები გამოიყენოს", - აცხადებს ფაშინიანი.

სომხეთში ინფექციის ერთ-ერთი დიდი ე.წ. კლასტერი ერევნის ოლქ ნუბარაშენის ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩამოყალიბდა. კლინიკაში ამ დროისათვის 49 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ცხრა დაინფიცირებული კლინიკის პაციენტია, ხოლო 40 შემთხვევა - თავად სამედიცინო პერსონალი. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პაციენტებს კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ და ისინი მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროსვე განცხადებით, ფსიქიატრიულ კლინიკაში კვლევა გრძელდება, აქ ბოლო სამი დღის განმავლობაში კორონავირუსზე 300-ზე მეტი ტესტი ჩატარდა.

ბოლო დროს სპეციალისტები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კოვიდ-19-მა შესაძლოა, კავასაკის სინდრომის პროვოცირება გამოიწვიოს. კავასაკის სინდრომი საკმაოდ იშვიათი დაავადებაა, რომელიც 5 წლამდე ბავშვებში ვლინდება, სინდრომი ვლინდება ცხელებით, გამონაყარით, შეშუპებით, ანთებითი პროცესებით. მსგავსი სიმპტომების მქონე ბავშვები ევროპის სხვა ქვეყნებშიც და შეერთებულ შტატებშიც გამოჩნდნენ, კერძოდ იქ, სადაც კოვიდ-19 განსაკუთრებით მძვინვარებს.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანის განცხადებით, ქვეყანაში 4 წლის ბავშვს, რომელმაც კოვიდ-19 ასიმპტომურად გადაიტანა, კავასაკის სინდრომი დაუდასტურდა.

„ბოლო დროს სხვადასხვა ქვეყანაში იზრდება ბავშვებში კავასაკის სინდრომით დაავადების შემთხვევების რაოდენობა, რასაც ზოგიერთი მკვლევარი კორონავირუსის პანდემიას უკავშირებს. კავასაკის სინდრომის გამოწვევის მიზეზების შესახებ ბოლომდე ცნობილი არ არის, თუმცა მას ძირითადად უკავშირებენ ინფექციური დაავადებების აუტოიმუნურ პასუხს. ის ძირითადად 5 წლამდე ბავშვებს ხვდებათ", - წერს არსენ ტოროსიანი „ფეისბუკზე".

მინისტრისვე თქმით, სომხეთში მომარაგებული აქვთ ძვირადღირებული იმუნოგლობულინური პრეპარატები, რომლებიც კავასაკის სინდრომის მკურნალობისთვის გამოიყენება, მანვე მოსახლეობას მოუწოდა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები მკაცრად დაიცვან და ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობებს თავი აარიდონ.

მანამდე პრემიერმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, კრიტიკული სიტუაციიდან გამომდინარე, პრემიერმა ქვეყანაში კომენდანტის საათი და მკაცრი შეზღუდვები ისევ შემოიღოს.

„დღეს ჩვენ შემდეგი არჩევანის წინაშე ვდგავართ - წესები არ არის დაცული და ჩვენ კვლავ ვაწესებთ შეზღუდვებს, მათ შორის - კომენდანტის საათს, რაც ქვეყანაში ახალ ეკონომიკურ და სოციალურ რყევებს გამოიწვევს ან ვთანამშრომლობთ და სიტუაციაზე კონტროლს ვამყარებთ. მიმაჩნია, რომ ამ ორი სცენარის მიუხედავად, კონტროლი უნდა იყოს ყველაზე მკაცრი", - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

2 ივნისის მონაცემებით, სომხეთში 440 მძიმე პაციენტია, 55 კი უკიდურეს მდგომარეობაშია. პაციენტებს, რომლებსაც კორონავირუსი ახლად დაუდასტურდათ, 16-ს, ხელოვნური სუნთქვის აპარატს საჭიროებდნენ, ქვეყანაში კორონავირუსისგან სულ 3 454 პაციენტია გამოჯანმრთელებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×