მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასმა საგრძნობლად მოიმატა
თამარ მუკბანიანი
02.06.2020

ნავთობის ფასმა, ისტორიული მინიმუმის შემდეგ, სწრაფი ზრდა დაიწყო. “ბრენტის”  ტიპის საწვავის ფასი ლონდონისა და ნიუ-იორკის ბირჟებზე უკვე 36-39 აშშ დოლარს გადასცდა. ფასის მატებას გაზრდილი მოთხოვნითა და ოპეკ-ის მიერ ნავთობის მოპოვების შემცირებით ხსნიან ანალიტიკოსები. მიუხედავად მსოფლიო ბაზრის ტენდენციისა, ამ ეტაპზე ფასის მატება საქართველოს საცალო ქსელში მხოლოდ 7-10 დღის შემდეგაა მოსალოდნელი. 

როგორც ჩანს, სანავთობო ბაზარმა ყველაზე რთული პერიოდი უკან მოიტოვა, როცა ნავთობის გაუფასურებამ ყველა ტიპის ანტირეკორდი მოხსნა. 

სულ რაღაც თვე-ნახევრის წინ ნიუ-იორკის ბირჟაზე შეიძლებოდა, იქით გადაეხადათ ფული ნავთობის სანაცვლოდ, ახლა კი 35 დოლარს გადასცდა იმავე მარკის ნავთობის ღირებულება. ფაქტია, ოპეკ-ის გეგმამ ფასების ჩამოშლის წინააღმდეგ და მოპოვების უპრეცედენტო შემცირებამ იმუშავა და ახლა "ფიუჩერებს" ზრდის ტენდენცია აქვს.  

მსოფლიო კორონას შემდეგ ნელ-ნელა, თუმცა მაინც ბრუნდება ძველ რელსებზე და ეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქუჩებშიც კარგად ჩანს, სადაც ადამიანებისა და ავტომობილების გადაადგილება აღდგა.  2 თვის შედეგ პირველად, ნავთობთან მიმართებით მთავარი სიახლე კორონა აღარაა.  მას შემდეგ, რაც მსოფლიომ დაიწყო ეტაპობრივი აღდგენა პანდემიის შემდეგ, ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნამ აშშ-სა და ევროპაში მოთხოვნას გადაუსწრო. უფრო და უფრო მეტი სატვირთო ტანკერი მიემართება ჩინეთისკენ. ეს ქვეყანა სიდიდით მეორეა მსოფლიოში ნავთობის მოხმარების მიხედვით აშშ-ის შემდეგ. ჩინეთისკენ მიმავალი სატვირთო სუპერტანკერების რიცხვმა უკვე გადააჭარბა წინა რეკორდულ მაჩვენებელს, რომელიც დაახლოებით 2 კვირის წინ დაფიქსირდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ ტანკერების ოდენობა გაზრდილია 127-მდე და თუ თითოეული გემი სრულად იქნება დატვირთული, ეს არის დაახლოებით 250 მლნ ბარელი ნავთობი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩანს, რომ ჩინეთმა გადაწყვიტა ნავთობის დამარაგება დაბალ ფასად. აპრილის თვის დაცემამ წარმოშვა კიდევ მეტი დისქაუნთი, ხოლო მოპოვების შემცირების ზომები ჯერ სრულად არ ამოქმედებულა.

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელია “რეზონანსთან“ ამბობს, რომ ფასის ზრდის ტენდენცია გაზრდილი მოთხოვნითაა განპირობებული, რაც მოსალოდნელი იყო. მისივე პროგნოზით, "შავი ოქროს" ფასი 35-45 დოლარის ფარგლებში შენარჩუნდება. 

“ყველა ანალიზს, რომლებსაც ნავთობის ფასთან დაკავშირდებით ვაკეთებდით, სწორედ ასეთი მოლოდინი ჰქონდა, რომ ივნისის მეორე ნახევრიდან, ერთი ბარელის ღირებულება 35-45-დოლარიან შუალედში შევიდოდა. ეს ჩვეულებრივი პროცესია, რადგან მსოფლიოში რეცესიული პროცესი სრულდება, ადამიანები სახლებიდან გამოდიან და საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ავიამიმოსვლა აღდგენია ეტაპზეა. გამომდინარე აქედან, ნავთობზე მოთხოვნა იზრდება და მატულობს ფასიც. სავარაუდოდ, ეს პროცესი გაგრძელდება და ნავთობის ღირებულება 35 დოლარზე მაღლა შენარჩუნდება. 

მართალია, პოლიტიკური პროცესი ნავთობის ფასზე ყოველთვის ახდენს გავლენას, მაგრამ, სავარაუდოდ, ამ ეტაპზე განვითარებულ მოვლენებზეც არ გავრცელდება. ამერიკაში ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ გაბრაზებულ ჯგუფს ლიდერი არ ჰყავს, რათა ვითარება მოლაპარაკების რეჟიმში გადავიდეს. ამერიკა არ არის ნავთობის შემსყიდველი ქვეყანა და ამიტომ იქ შემცირებული მოთხოვნა საერთო ფასზე არ იმოქმედებს. ასე ჩანს დღევანდელი რეალობიდან“, - განაცხადა ანალიტიკოსმა. 

რაც შეეხება გავლენას ქართულ ბაზარზე, ჯერჯერობით კლების ტენდენცია შეინიშნება ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე. ბოლოს ფასის შემცირება წინა კვირას მოხდა და თითოეულ ლიტრ საწვავზე 5-15 თეთრი შეადგინა. ყველაზე ძვირი ამ ეტაპზე საწვავი "რომპეტროლშია", დიდ ქსელებს შორის ყველაზე იაფი კი - "ლუკოილში". გაცილებით მცირეა ფასი არაბრენდირებულ სადგურებში, სადაც 1 ლიტრი ბენზინის შეძენა 1.40 ლარადაც არის შესაძლებელი.

“სენტა ჯორჯია პეტროლიუმის“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე “რეზონანსთან“ აღნიშნავს, რომ გაძვირება სწორედ მოთხოვნის ზრდითაა  განპირობებული და რადგან საქართველო ნავთობპროდუქტების მხრივ 100%-ით იმპორტდამოკიდებულია, ცვლილება სწრაფადვე აისახება ბაზარზე. 

“მოთხოვნა გაიზარდა, ნელ-ნელა ქვეყნები ხსნიან შეზღუდვებს და, შესაბამისად, იზრდება ფასიც ნავთობპროდუქტებზე. პანდემიასთან ცხოვრების სწავლა, ალბათ, სწორედ ეს არის, რომ რაღაცები ძველ კალაპოტს უბრუნდება. მოგეხსნებათ, ჩვენი ქვეყანა სრულად დამოკიდებულია იმპორტზე. ეს, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს ფასებზე. როგორც წესი, ზრდა სწრაფად აისახება საბითუმო თუ საცალო ბაზარზე. ვფიქრობ, 7-10 დღის ინტერვალში საწვავის გაძვირება დაიწყება", - განუცხადა იაკობიძემ “რეზონანსს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×