
საქართველოს საგარეო ვალი სახიფათო ნიშნულს უკვე უახლოვდება. კოვიდ-19-ისგან გამოწვეული პრობლემების გამო, ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 58%-მდე იზრდება. ეს მაშინ, როდესაც ლიმიტი 60%-ია. ვალის გასტუმრებას ასეულობით მილიონი ლარი დასჭირდება, რაც, ბუნებრივია, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში ჩააგდებს.
კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის გამო, საქართველოს მთავრობა 2020 წელს რეკორდული მოცულობის ვალის აღებას გეგმავს, რის შედეგადაც ვალის ნიშნული 2019 წელს არსებული 41.2%-დან, მშპ-ის 58%-მდე გაიზრდება.
ვალის მოცულობის მატების შესახებ “ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების” დოკუმენტიდან ხდება ცნობილი. წელს ვალდებულებების ჯამური ზრდა 7.8 მილიარდი ლარი იქნება, აქედან საგარეო ვალის წმინდა ზრდა (სხვაობა აღებასა და დაფარვას შორის) - 6.1 მილიარდი ლარი, საშინაო ვალის წმინდა ზრდა კი - 1.7 მილიარდი ლარი.
ბუნებრივია, რომ ასეთ დროს მნიშვნელოვანია ვალის ეფექტურად გამოყენება და გასტუმრება ჩავარდნების გარეშე, რაც ეკონომიკისთვის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია საგარეო ვალის მიზნობრივობა და არა - მისი რაოდენობა. პაატა ბაირახტარის აზრით, კარგი იქნება თუ საგრეო ვალი მოხმარდება ადგილობრივი წარმოების ამუშავებასა და მის განვითარებას.
“როდესაც სახელმწიფო ვალზე ვსაუბრობთ, ყურადღება გასამახვილებელია მის მიზნობრივობაზე და არა - რაოდენობაზე. ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებში მშპ-თან შეფარდებით ვალი 100%-ს აღემატება. ასეთია ძალიან ბევრი სახელმწიფოა. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერში ტრაგედიას ვერ ვხედავ. მთავარია და ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, თუ რა მიზნობრივობა ექნება სახელმწიფო ვალს, რომელსაც ავიღებთ და როგორ დავხარჯავთ. თუ ვალი ავიღეთ და სოციალური მიმართულებით გავუშვით (გასაგებია, რომ ამ მხრივ რთული ვითარებაა), ამას ექნება ერთჯერადი ხასიათი და შემდგომში ვალის გადახდა წლების განმავლობაში მოგვიწევს.
საგარეო ვალის აღებას აქვს ისეთი მიზნობრივობა - თუ ადგილობრივი წარმოების განვითარებას ხმარდება და განკუთვნილია მრეწველობის ამუშავებასა და განვითარებაზე, მაშინ კარგია. თუ საგარეო ვალს ავიღებთ, გავანიავებთ და ეკონომიკაში `არ დავტოვებთ, რა თქმა უნდა, ტვირთი იქნება, რომელიც წლების განმავლობაში თითოეული მოქალაქის გადასახდელი გახდება. აქედან გამომდინარე, მთავარია მიზნობრივობა და არა ის, თუ რა რაოდენობის საგარეო ვალს ავიღებთ”, - განაცხადა “რეზონანსთან” ფინანსისტმა პაატა ბაირახტარმა.
საყურადღებოა გარემოება, რომ მთავრობა მომდევნო წლებშიც მნიშვნელოვანი ოდენობის საგარეო ვალდებულებების აღებას გეგმავს. კერძოდ, 2021 წელს ახალი ვალის აღება - 3.4 მილიარდი ლარის ოდენობით, 2022 წელს კი - 2.1 მილიარდი ლარის ოდენობით. 2021 წლისთვის სახელმწიფო ვალის მშპ-თან ფარდობა 57%-ზე არის განსაზღვრული.
რაც შეეხება მიზნობრიობასა და გადანაწილებას, პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტი მთავრობას ამ დრომდე არ წარუდგენია, შესაბამისად უცნობია, ზუსტად როგორ გადამისამართდება მთავრობის მიერ მოზიდული საგარეო ვალდებულებები.
ყურადღება მისაქცევია ისიც, რომ ვალის აღნიშნული მაჩვენებელი 2008 წლის ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ, საქართველოს მთავრობის მიერ მოზიდულ საგარეო დაფინანსებაზე მეტია. მართალია, ვალის აღება ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში გვეხმარება, თუმცა პროცენტის სახითაც დიდი თანხის გადახდა გვიწევს, რაც საკმაოდ დიდი ტვირთია ბიუჯეტისთვის.
ფინანსისტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ მთავრობას უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროგრამები შემუშავებული, რამაც მომავალში ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა უნდა მოახდინოს, რისი მეშვეობითაც მოხდება ვალის დაბრუნება.
“როდესაც განვითარებადი ქვეყანა ზრდის საგარო ვალს, ეს ავტომატურად და პროპორციულად ზრდის ამ ქვეყნის დეფოლტის რისკს, ანუ ქმნის იმის მოლოდინს, რომ ქვეყანა ვერ გადაიხდის მომავალში საგარეო ვალდებულებებს. რაც უფრო მაღალია საგარეო ვალი მშპ-ის მიმართ, მით უფრო იზრდება დეფოლტის რისკი, რომ სახელმწიფო ამ ვალს მომავალში ვერ გადაიხდის. შესაბამისად, მით უფრო მეტად მცირდება ნდობა საერთაშორისო პარტნიორების ქვეყნის მიმართ.
დეფოლტის საფრთხე ზოგადად ძალიან ცუდ რამეზე მეტყველებს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში საინვენსტიციო გარემო მკვეთრად უარესდება. საგარეო ვალის აღებას პროპორციულად თან უნდა სდევდეს შესაბამისი პროექტების განხორციელება, რამაც უნდა მოიტანოს შედეგი და შესაბამისად, ამან გავლენა უნდა მოახდინოს მომავალში ეკონომიკურ ზრდაზე, რათა მოხდეს საგარეო ვალის დაბრუნება.
როდესაც, ამის პარალელურად ქვეყნდება აუდიტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც იკვეთება, რომ საგარეო ვალს ქვეყანა საერთოდ ვერ ითვისებს და ამ თანხებით ინფრასტრუქტურული პროექტები თითქმის არ ხორციელდება, კიდევ უფო მძიმე ფონი იქმნება. ეს მავნებლობაა და აქედან გამომდინარე, მომავალი თაობა გაცილებით უფრო რთული გადაწყვეტილებებისა და ამოცანების წინაშე დადგება”, - განუცხადა “რეზონანსს” აკაკი ცომაიამ.