დიდი ალბათობით, რეკომენდაციების დაცვა მომავალი კვირიდან შეუძლებელი გახდება
ნინა გარდაფხაძე
02.06.2020

თვენახევრიანი გაჩერების შემდეგ მუშაობა აღადგინა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს მრავალგვარი რეკომენდაციიდან მხოლოდ პირბადის ტარებაა გათვალისწინებული. სოციალური დისტანციის დაცვა მგზავრობისას ვერ ხერხდება, რაც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით საფრთხის შემცველია, ამიტომ სპეციალისტები აუცილებლად მიიჩნევენ, ავტობუსების დამატებას და მუნიციპალიტეტს სხვადასხვა გზას სთავაზობენ. 

საგანგებო მდგომარეობის მოხსნიდან 10 დღის განმავლობაში, ისევ არ ფუნქციობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თბილისის მერი მაშინ ამბობდა, რომ მერია სრულ მზადყოფნაში იყო და მხოლოდ ეპიდემიოლოგების დასტურს ელოდნენ, თუმცა რაში გამოიხატებოდა ეს მზადყოფნა, უცნობია. 

მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, ქვეყნის მთავარი ინფექციონისტები მოსახლეობას წესების მკაცრად დაცვისკენ ყოველდღე მოუწოდებენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მოსახლეობა პანიკას არ უნდა მიეცეს, მაგრამ აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა, მით უფრო მაშინ, როცა მიკროავტობუსებში აშკარად პრობლემებია. 

“ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი. როცა ქალაქში გადავაადგილდებოდი, ვაკვირდებოდი, რამდენად დაცულია წესები და გამიხარდა, რომ ავტობუსებში პატიოსნად ხდება წესების დაცვა, თუმცა არა - მიკროავტობუსებში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აიკრძალულია კონდიციონერის ჩართვა და მძღოლებს ფანჯრების გაღების ვალდებულება აქვთ. ამასთან,  დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებაში ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა. რამდენ ხანს მოხერხდება ამ რეკომენდაციების შესრულება, ძნელი სათქმელია, რადგან ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობა დღითი დღე იმატებს და 8 ივნისიდან, როდესაც თითქმის ყველა შეზღუდვა უქმდება, კიდევ უფრო მოიმატებს.

მატების ტენდენციას ადასტურებს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, რომელიც ამბობს, რომ შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ტრანსპორტით სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს.

"მგზავრთა ნაკადი, როგორც მეტროში, ასევე ავტობუსებში და მიკროავტობუსებში ყოველდღიურად იმატებს. 2 ივნისის მონაცემებით, პრაქტიკულად, ორჯერ არის მგზავრთა ნაკადი გაზრდილი, როგორც მეტროში, ასევე ავტობუსებში 30 მაისის მდგომარეობასთან შედარებით.

თუ შევადარებთ მგზავრების რაოდენობას კარანტინამდე არსებულ მდგომარეობას, არის დაახლოებით ორჯერ ნაკლები. თუკი თებერვალში დღის განმავლობაში მეტროთი გადაადგილდებოდა 300 ათასი ადამიანი, დღეს გადააგილდება ამის ნახევარი. იგივე შეფარდება არის ავტობუსებთან", - განაცხადა ბითაძემ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ადამიანების რაოდენობასა და პირბადეების მოხმარებას მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური და საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს. ავტობუსებში, ამ ეტაპზე, მგზავრთა რაოდენობასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის. მონიტორინგს კონდუქტორები, ხოლო მეტროში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ახორციელებენ.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი “რეზონანსთან“ იმ გზაზე საუბრობს, როგორ შეიძლება გაიზარდოს დედაქალაქში ავტობუსების რიცხვი, რათა სავალდებულო რეკომენდაციები მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩეს. საქართველოში ამ ეტაპზე 21 000 ავტობუსია რეგისტრირებული და სწორედ ისინი უნდა იქირაოს მერიამ. 

“პირბადის გარდა, ძალიან ბევრი წესია, რომლებიც მერიას უნდა გაეთვალისწინებინა. ეს, პირველ რიგში, არის იზოლირებული კაბინა მძღოლებისათვის. იმედი გვქონდა, იმას მაინც გააკეთებდა მერია, რომ მძღოლი იქნებოდა იზოლირებული, მაგრამ აშკარად ასე არ არის. მთავარი რეკომენდაცია იყო, შეექმნათ მგზავრის დამხმარე პერსონალის სამსახური, რომელიც შეახსენებდა მგზავრს წესების დაცვის შესახებ; ასევე სტიკერები -ვინ სად უნდა დადგეს. 

მთავარია, ჩვენ მივაღწიოთ ავტობუსების მხოლოდ 50%-იან დატვირთვას, რაც შემდეგნაირად არის შესაძლებელი: დღეს ქვეყანაში რეგისტრირებულია 21 000 ავტობუსამდე. სწორედ ისინი უნდა იქირაოს მერიამ, რადგან საქართველოს ახლა ყიდვის საშუალება არ აქვს. დედაქალაქში მოძრავი მანქანების რიცხვი 1500-მდე უნდა გაიზარდოს. ეს უნდა გაეკეთებინათ იქამდე, სანამ ტრანსპორტი არ მოძრაობდა“, - განუცხადა მესხიშვილმა ,,რეზონანსს“.

რეკომენდაციები იდენტურია სატრანსპორტო სფეროს სხვა სპეციალისტების მხრიდანაც. საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, მევლუდ მელაძის შეფასებით, ქვეყანაში ავტობუსების საკმარისი რაოდენობა არ არის იმისთვის, რომ სოციალური დისტანციის თაობაზე სპეციალისტების რეკომენდაციები სრულად გათვალისწინებული იყოს. სწორედ ამიტომ მანქანების დამატება აუცილებელია.

“საკუთარი გამოცდილებით ვიტყვი, რომ ავტობუსების რაოდენობა საკმარისი არ არის, რადგან როდესაც სამსახურები მთავრდება, ასეთ შეთხვევაში ხალხის ნაკადი ძალიან დიდია და სოციალურ დისტანცირებას ვეღარ ახდენენ. მომდევნო ავტობუსის ლოდინი კი ძალიან დიდ დროს მოიცავს, ამიტომ მანქანების დამატება აუცილებელია.

ალბათ, ყველაზე მეტად გერმანელებისგან შეიძლება მაგალითის აღება, რადგან წესრიგს ზედმიწევნით იცავენ, აბსოლუტურად ყველა ინსტრუქციას, თუნდაც - ჩასხდომის ან გადმოსვლის შემთხვევაში. იმისთვის, რომ ამ პანდემიას მოვერიოთ, მთავარი და გარდაუვალი სწორედ სოციალური დისტანცირებაა. ჩასხდომის დროს ავტობუსის, სამარშრუტო ტაქსის ან თუნდაც მეტროს შემთხვევაში, ერთად არ უნდა მოვგროვდეთ. ავტობუსის მძღოლები, რა თქმა უნდა, უკვე ინფორმირებულნი არიან. შესაბამისად, შეიძლება, დისტანცირება იქაც დავიცვათ. 

ავტობუსშიც ერთმანეთს მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ, რომ სახით ერთმანეთს არ ვუყურებდეთ. ცნობიერება რაც შეიძლება მაღალი უნდა იყოს, რათა მიხვდნენ, რომ რისკის წინაშე საკუთარ თავს აყენებენ. ამიტომ, თუ მაქსიმალურად მოვერიდებით და დისტანცირებას დავიცავთ, მინიმალური რიკის ქვეშ დავდგებით“, - განაცხადა მელაძემ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 31 მარტს აიკრძალა, შეზღუდვა კი მხოლოდ 29 მაისს მოიხსნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×