
მეთიუს, რომელიც ოჰაიოში ცხოვრობს, ავთვისებიანი სიმსივნის ბოლო სტადია აქვს და ექიმებმა მას სიცოცხლის მაქსიმალურ ვადად 2 თვე განუსაზღვრეს. საქართველოზე შეყვარებულ მეთიუს ერთ-ერთი ბოლო სურვილი ის ოყი, რომ კიდევ ერთხელ გაესინჯა გემრიელი ქართული კერძები.
მეთიუს უკანასკნელი სურვილი ახდა აშშ-ში საქართველოს საელჩოს დახმარებით. ელჩმა დავით ბაქრაძემ მეთიუს სახლში ქართველი მზარეულები გაუგზავნა და მას წერილიც მისწერა.
"ძვირფასო მეთიუ, ვიმედოვნებ, ისიამოვნებ ამ ქართული ნადიმით, რომელშიც ყველაზე ავთენტური ინგრედიენტებია, რისი შოვნაც აქ მოვახერხეთ. იცოდე, რომ საელჩოში საფერავით სავსე ჭიქას შორიდან, შენთან ერთად, წევენ მაღლა. ჩვენს გულებში ხარ და გვინდა გახსოვდეს, რომ ქართველი ხალხის სიყვარული შენთანაა. გაგიმარჯოს!" - წერს წერილში ელჩი დავით ბაქრაძე.
ამ ემოციური ისტორიისა და მეგობრის შესახებ AMBEBI.GE-ს თავად უყვება ფილიპ კოვალსკი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა მეგობრის უკანასკნელი სურვილის ასასრულებლად:
"მეთმა ქართული კერძები რამდენიმე წლის წინ დააგემოვნა, ქართული სამზარეულო სტამბულში ცხოვრებისას აღმოაჩინა. ის თქვენს ქვეყანასაც ეწვია და სასიამოვნო დრო გაატარა. მისი საყვარელი ქართული კერძი ხაჭაპურია, ძალიან უყვარს ღვინო, ჭაჭა და ლიმონათი. ქართული კერძები და სასმელი მისთვის ფავორიტია!
მეთს 1 წლის წინ ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც იძულებული გახდა, საცოლე სტამბოლში დაეტოვებინა და სამკურნალოდ ოჰაიოში დაბრუნებულიყო. იქ კი ქართული რესტორნები არაა. ძნელია ქართული ღვინის შოვნაც, შესაბამისად, ბოლო წლის განმავლობაში მეთიუს ქართულ სამზარეულოსთან შეხება არ ჰქონია, რის გამოც გული ძალიან წყდებოდა.
მირჩიეს, საქართველოს ტურიზმის გვერდზე დამედო პოსტი და ასეც მოვიქეცი - დავწერე პოსტი, სადაც მეთის სიტუაციას ვხსნიდი და დახმარებას ვითხოვდი. საპასუხოდ, ასობით მესიჯი და დახმარების შემოთავაზება მომივიდა. რამდენიმე საათში კი საელჩოდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ელჩს დახმარება სურდა და ის მეთიუს სახლში კერძების მოსამზადებლად და სუფრის გასაშლელად, საელჩოს შეფმზარეულს გამოგზავნიდა.
ეს საოცრებაა! ვფიქრობ, საელჩოდან თამარა რაქვიაშვილს უნდა ვუმადლოდე. მას შემდეგ, რაც მას დავურეკე, ისტორია ელჩს უამბო, 2-3 საათში კი უკვე მზა გეგმით დამირეკეს, როგორ უნდა მიეტანათ ქართული სამზარეულო მეთიუსთვის.
ამას ნამდვილად არ ველოდი, ასეთი გულისხმიერების გამო ისევ შოკში ვარ... მაგრამ, ქართველებს ჰუმანურობის და მასპინძლობის ისეთი გრძნობა აქვთ, რომ სინამდვილეში, არც მიკვირს!
შაბათს მოვიდნენ - შეფმზარეული უჩა მამულაშვილი მეუღლით, ნინი დარახველიძით და მათი მძღოლი - გიორგი დოლენჯაშვილი. ვაშინგტონიდან დეიტონამდე ავტომობილით 7 საათი იმგზავრეს და ძალიან დიდი სიხარული ჩამოიტანეს, ყველა ბედნიერი იყო! მეთიუ გაოცებული დარჩა - თქვა, რომ თავს ისე გრძნობდა, როგორც ბავშვი შობის ღამეს", - განაცხადა ფილიპ კოვალსკიმ.
ამბები
