
ბოლო დღეებში შეერთებული შტატები ხელში ჩაიგდეს პროფესიონალმა ანარქისტებმა და მოძალადეებმა. ქვეყნის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, თუ შტატების გუბერნატორები და მერები უარს იტყვიან საკუთარი მოქალაქეების დასაცავად საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე, მაშინ ის სამხედროებს გამოიყენებს.
„უდანაშაულო ადამიანებს უმოწყალოდ სცემეს. გავიხსენოთ ახალგაზრდა მამაკაცი დალასში, რომელიც ქუჩაში მიატოვეს ან ქალი ნიუ იორკში, რომელსაც თავს დაესხნენ ავაზაკები. მცირე ბიზნესის მფლობელთა ოცნებები დაიმსხვრა. ნიუ იორკელ ექთნებს, რომლებიც ვირუსს ებრძოდნენ, ახლა სახლიდან გასვლის ეშინიათ. ავაზაკებმა დედაქალაქში ლინკოლნისა და მეორე მსოფლიო ომის მემორიალები დააზიანეს და ერთ-ერთ ისტორიულ ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს. ეს არ არის მშვიდობიანი პროტესტი. ეს არის შიდა ტერორიზმი. ჩემი უპირველესი ამოცანაა, დავიცვა ამერიკის შეერთებული შტატები და ამერიკელები. და ამას გავაკეთებ", – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის სიტყვით გამოსვლის დროს თეთრ სახლთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.
აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს.