
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს თანამშრომლებმა ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, 2019 წლის 22 ნოემბერს, სოხუმში სამი პირის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ტასს"-თან საუბარში ე.წ. შს მინისტრმა დიმიტრი დბარმა განაცხადა.
მისი თქმით, დაკავებული ერიკ ჭკადუაა, რომელზეც ძებნა 2019 წლის დეკემბერში გამოცხადდა.
მას ბრალად ედება ე.წ. კანონიერი ქურდების - ალხაზ ავიძბას და ასტამურ შამბასა მკვლელობა. დომინიკა აკირთავა რესტორნის თანამშრომელი იყო, რომელიც მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა
დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
დანაშაული გასული წლის 22 ნოემბერს სოხუმში, რესტორან „სან-რემოში" მოხდა, რა დროსაც ე.წ. კანონიერი ქურდები დაცხრილეს.
აღნიშნული საქმის გამო, 2 დეკემბერს თანამდებობები დაატოვებინეს აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილეს, ე.წ. გენერალურ პროკურორსა და მის მოადგილეს.
აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები სოხუმში მომხდარი თავდასხმის აქტიურად განხილვას განაგრძობენ. დანაშაულში ეჭვმიტანილი ერიკ ჭკადუას სახელი და გვარი ადგილობრივი საზოგადოებისთვის უცნობი არ ყოფილა. ის მიმდინარე წლის აპრილში, რეგიონში მომხდარ კიდევ ერთ დანაშაულში ფიგურირებს, რა დროსაც რამდენიმე ადამიანმა სასურსათო მაღაზია "Кормилица-ს" მეპატრონის ნათესავი ომარ მირცხულავა გაიტაცა. რამდენიმეთვიანი ტყვეობის შემდეგ, მირცხულავამ თავს გაქცევით უშველა.