
29 მაისს კიევის გარეუბან ბროვარში, შეიარაღებულ შეტაკებას მასობრივი დაპატიმრებები მოჰყვა - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არტემ შევჩენკომ ტვიტერზე დაწერა.
„ქალაქ ბროვარში დილის შეტაკებისა და სროლის შემდეგ, კიევის პოლიციამ თავდამსხმელები მასიურად დააკავა და იარაღი ჩამოართვა," - განაცხადა შევჩენკომ ტვიტერზე სადაც პოსტს ფაქტის ამსახველი ფოტოსურათიც ჰქონდა დართული.
ტვიტერის პოსტზე შევჩენკოს კონფლიქტისა და მასობრივი დაკავების მიზეზი არ განუმარტავს, თუმცა თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრში რამდენიმე ათეულობით შეიარაღებული ახალგაზრდა ჩანს, რომლებიც უცნობი მიმართულებით იარაღს ისვრიან.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსის მოადგილემ ანტონ გერაშჩენკომ თავის ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ შეტაკება და კრიმინალური გარჩევა სამარშრუტო ტაქსების ბიზნესის გამო მოხდა.
მისი თქმით, კონფლიქტი რეგიონის ჩინოვნიკების მიერ მარშრუტების გაუმჭვირვალე განაწილების შედეგად მოხდა.
შეტაკებისას სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა, ხოლო პოლიციამ ათი ადამიანი დააკავა, რომლებსაც სანადირო და ტრავმატული იარაღი ჩამოართვეს.
„მარშრუტები უნდა განაწილდეს კანონიერად და კეთილსინდისიერად და არა ვიღაცის მფარველობით და მოსყიდვით," - განაცხადა გერაშჩენკომ.