
ბოლო დღეებია ვრცელდება ინფორმაცია მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების შესახებ, რომლის თანახმადაც, შესაძლოა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვება მოუხდეს გიორგი გახარიას, რაც ერთი შეხედვით, დაუჯერებელი ჩანს, რადგან კორონავირუსის გავრცელების წარმატებით შეკავების საქმეში საზოგადოება პროფესიონალებთან ერთად, მის დამსახურებასაც ხედავს.
ერთ-ერთი ვერსიით, "ქართული ოცნება" გახარიას მთავრობიდან წასვლას და ოპოზიციაში ფორმალურ გადასვლას, ოპოზიციური ძალების დასაქსაქსად გეგმავს.
რიგი მედიასაშუალებები უფრო შორსაც წავიდნენ და მის შემცვლელად გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა დაასახელეს.
"სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება ამ თემაზე, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გახარიას დღეს და ხვალ არავინ შეცვლის, უფრო მოსალოდნელია, რომ გახარია გადადგეს არჩევნების წინ და ჩაუდგეს "ქართული ოცნების" სიას სათავეში და როგორც მაჟორიტარმა, ერთ-ერთ რეგიონში, კერძოდ, სამეგრელოში იყაროს კენჭი, სადაც, ვფიქრობ, ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართება.
მისი ოპოზიციაში ფაქტიურად თუ ფიქტიურად წასვლა, ძალიან არარეალური მგონია და ამ ვერსიას სერიოზულად ვერ აღვიქვამ.ქვეყანას არ აქვს ახლა ფუფუნება, რომ პრემიერები იცვალოს ძალიან ბევრი საქმე ძალიან სწრაფად არის გასაკეთებელი. გახარიამ კი, როგორც მენეჯერმა, საკუთარი შესაძლებლობები უკვე კარგად აჩვენა", - ამბობს ექსპერტი მამუკა არეშიძე "კვირის პალიტრასთან".