
1992 წელს თბილისში, ვერაზე მომხდარი გაუგონარი მკვლელობა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებული და ამავდროულად, ბურუსით მოცული დანაშაულია.
წლების განმავლობაში დუმდა თამარ თორაძეც, რომელსაც თვალწინ დაუცხრილეს ძმები. გაუსაძლისი ზეწოლისა და მუქარის გამო წლების წინ ქვეყნის დატოვება მოუხდა და ახლა პოლიტიკური დევნილის სტატუსით აშშ-ში ცხოვრობს. თამარ თორაძე 90-იანი წლების სისხლიანი ანგარიშსწორების გამოძიებას ათწლეულებია უშედეგოდ ითხოვს.
ქალი კიდევ უფრო გააქტიურდა მას შემდეგ, რაც "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას პოლიტპატიმრის სტატუსით ციხიდან გათავისუფლებაზე დაიწყო საუბარი. თორაძე ამბობს, რომ სწორედ რურუა იყო ერთ-ერთი, ვინც მკვლელობის დღეს თორაძეების ოჯახში მივიდა.
1992 წლის 3 მარტს თორაძეების ოჯახის 5 წევრი - დედა, მამა და სამი ვაჟი ამოხოცეს. ტრაგედიას შეესწრო თამარ თორაძე, რომელიც მაშინ 13 წლის იყო.
"მას შემდეგ, რაც ჩემი ძმები და მშობლები ავტომობილში ამოხოცეს, მოგვადგნენ კორპუსთან და ყვიროდნენ - დაცალეთ კორპუსი, უნდა ავაფეთქოთო, მეზობლები გაიქცნენ... მე და ჩემი დედმამიშვილები აღმოვჩნდით მეშვიდე სართულზე მეზობლის ბინაში. იქაც მოგვაგნეს. ფანჯრებიდან გვიკაკუნებდნენ, ყუმბარებს შემოგიყრით და ყველა დაიხოცებითო.
ჩემმა მეზობელმა გააღო კარი და შემოცვივდნენ. ოთხი ადამიანი შემოვიდა. ორი უნიღბოდ იყო, ყურის და თვალის ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს და მახსოვს - ჟორიკა რურუა შემოვიდა პირველი და იკითხა: თორაძეები აქ არიანო? მეზობელმა უპასუხა, მხოლოდ ბავშვებიო. შემოვალთ და დავხედავთო. ჩემმა ძმამ უთხრა, უიარაღოდ ვართ, ხელცარიელები, რას შვებითო
ჟორიკა რურუას ახლაც იგივე ხმა აქვს, მის სახეს კი რა დამავიწყებს?! მის ბოროტ თვალებს?! თვალებში ჩამხედა, შემდეგ გადაგვატარა იარაღი მე და ჩემს პატარა და-ძმებს და იატაკზე დაგდებული ჩემი ძმები დაცხრილა. მეორე მაღალი იყო, წვერიანი, იმან იმედო დაცხრილა.
ვღრიალებდით ბოლო ხმაზე... რანაირად უნდა დაგავიწყდეს ის თვალები და სახე, რომელმაც ეს გააკეთა?! არასოდეს დამავიწყდება სანამ ცოცხალი ვარ გიორგი რურუას მაშინდელი სახე და თვალები. ის მეორეც ვიცი ვინც არის, მაგრამ მის ვინაობას ჯერჯერობით არ ვიტყვი. დავიცდი ცოტა ხანს და თუ დავრწმუნდი, რომ არაფერს იძიებენ, მერე დავიწყებ ხმამაღლა ყველას სახელების და გვარების ყვირილს და ყველას გავაგებინებ!", - განაცხადა თამარ თორაძემ "AMBEBI.GE", - სთან.