თამარ შუკვანი
28.05.2020

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნის პროცესი სწრაფი ტემპით მიდის. დღეს უკვე კოვიდ-19-ის პოტენციური ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა მიმდინარეობს, თუმცა, სპეციალისტების ნაწილის შეფასებით, ვაქცინის გამოყენების დაშვებამდე მთელი რიგი პროცესებია, რასაც სულ მცირე რვა თვე მაინც დასჭირდება, რომ ვაქინაციამ სხვა სერიოზული პრობლმები არ გამოიწვიოს, რადგან მას ხშირად თან ახლავს უკუჩვენებაც.

ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია „ნოვავაქსმა" პოტენციური ვაქცინაზე მუშაობა იანვარში დაიწყო, როდესაც ჩინეთში „კოვიდ-19"-ის აფეთქება მოხდა. ვაქცინის დანიშნულება, სხეულის იმუნური რეაქციის გაძლიერება და გამანეიტრალებელი ანტისხეულების მაღალი დონის სტიმულირებაა.

ვაქცინა თუ იმუშავებს, მკვლევარები იმედოვნებენ, რომ წლის ბოლოსთვის 100 მილიონი, მომდევნო წელს კი 1.5 მილიარდ დოზას დაამზადებენ. მათივე თქმით, „ვაქცინა სასწაულს ახდენს და ამ მძიმე დაავადებებისგან მოსახლეობის დაცვის შესანიშნავი გზაა."

ავსტრალიის ხელისუფლება ამბობს, რომ ეს გამოცდა, კორონავირუსის ვაქცინის შექმნისთვის გლობალურ რბოლაში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. გამოცდის ზოგიერთი მონაწილე პლაცებოს მიიღებს, სხვები კი „ნოვავაქსის" პრეპარატს.

„ნოვავაქსმა" ერთ-ერთია, რომელიც პოტენციურ ვაქცინაზე კვლევებს ატარებს, მის გარდა კორონავირუსის ვაქცინაზე სულ მცირე, კიდევ 100-ზე მეტი კომპანია მუშაობს.

ვაქცინამ რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს იმისათვის, რომ მისი სრული დაშვება მოხდეს გამოყენებისთვის. მკვლევარები ადრეულ შედეგებს ივლისისთვის ელიან და ფიქრობენ, რომ „გარკვეული შემაჯამებელი შედეგები ამ წლის ბოლოსთვის ექნებათ". გამოცდების მეორე ფაზაში, რამდენიმე ქვეყანაში ათასობით მოხალისე ჩაერთვება. მოხალისეებს ჯერ კიდევ ეძებენ და კვლევითი ჯგუფი ხაზს უსვამს, რომ ადამიანებზე ექსპერიმენტის დროს ცოცხალი კორონავირუსი არ გამოიყენება.

ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ ვაქცინაზე კვლევას სულ მცირე 8 თვე მაინც დასჭირდება, რომ მისი გამოყენების შედეგად სხვა პრობლემები არ მივიღოთ.

რაც შეეხება საქართველოში ვაქცინის შესაძლო გამოყენებას - ხმალაძე თვლის, რომ დღეს ქვეყანას ამის საჭიროება არ აქვს, რადგან ეპიდემიის კუთხით, ვითარება სტაბილურია.

„ვაქცინა ეს არ არის პრეპარატი უშუალოდ შექმნილი ადამიანისგან, ანუ ქიმიური პრეპარატი არაა, - ესაა ისეთი ნივთიერება, რომელიც იმუშავებს ანტისხეულებს. ძირითადად მზადდება ვირუსის ანტიგენისგან ან მთლიანად დასუსტებული ვირების შეჰყავთ. თუმცა, ხშირად ახლავს გართულებები.

„ისეთ ქვეყნებში, სადაც ბევრად მაღალია სიკვდილიანობა, ვირუსის გავრცელება აშკარად აქტიურია, იქ მალე უნდა მოხდეს (ვაქცინის) გამოყენება, მაგრამ, საქართველოში არ გვაქვს ასეთი მდგომარეობა და ჯობია დაველოდოთ შედეგებს .

„ხშირად კეთდება აცრა და არ ხდება ანტისხეულების ჩამოყალიბება. ჯერ კიდევ ბოლომდე არ იციან ადამიანებში, იმუნური სისტემის თვალსაზრისით, რამდენად იმუშავებს ეს ვაქცინა. როდესაც ცე-ჰეპატიტის ვაქცინებზე იყო საუბარი, ანტისხეული არ გამომუშავებულა, უხარისხო გამოდგა.

„ჩვენ არ უნდა გვეჩქარებოდეს ვაქცინის გამოყენება, რადგან არ ვიცით რამდენად აქტიური და უსაფრთხოა. ძალიან ბევრ ვაქცინას აქვს ისეთი სერიოზული გართულებები, როგორიცაა - ტვინის ანთება, დამბლა, პარალიზება და ა.შ. ამიტომ, როდესაც საუბარია ვაქცინაზე, რომელიც შეიცავს უცხო ცილას, ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს.

„არ მგონია, რომ მალევე დავიწყოთ ამის გამოყენება. პირველ რიგში იმიტომ რომ, ჩვენ არ გვაქვს ისეთი ვითარება, რომ სასწრაფოდ ვაქცინა გვჭირდებოდეს, ამასთან, დრო უნდა, რამდენად ეფექტური და უსაფრთხო იქნება. ამას სექტემბრამდე მაინც დასჭირდება დრო. ნახევარი წელი მაინც უნდა გავიდეს, ხშირად ერთი წელიც, რომ ვაქცინა ქვეყანამ დაუშვას," - თქვა ხმალაძემ „რეზონანსთან."

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე აღნიშნავს, რომ ვაქცინის გამოყენებისთვის დაშვებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება და ამასთან, ვაქცინამ 5 ფაზა უნდა გაიაროს, რომ დავრწმუნდეთ, მას არ ახლავს უკუჩვენებები.

„როდესაც ადამიანებზე იწყებენ გამოცდას, იქ არის 5 ფაზა, რომელიც უნდა იყოს გავლილი. შემდეგ უნდა ვნახოთ, რაიმე უკუჩვენება ხომ არ აქვს, დაზიანება ხომ არ გამოიწვია. საქართველომ თუ დაიწყო, ამას 8-10 თვე დასჭირდეს, ეს იმაზეა დამოკიდბეული როგორ იმუშავებენ და რამდენად უსაფრთხო იქნება, - ამან არ უნდა გამოიწვიოს სხვა პრობლემები ადამიანის ორგანიზმში.

„დაახლოებით 41 სხვადასხვა კომპანია მუშაობს ვაქცინის შექმნაზე. ვთქვათ შეიქმნა ვაქცინა, შემდეგ უნდა მოხდეს ამის დამტკიცება, რასაც სჭირდება გარკვეული პერიოდი. შემდეგ უკვე უნდა მოხდეს ამის ქარხნულად გამოშვება და სიმძლავრეების შექმნა, - ეს ხვალ, ზეგ და სამ თვეში ვერ იქნება," - აღნიშნა სურგულაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×