
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, რომელიც გავრცელებული ცნობებით რამდენიმე დღის წინ კორონავირუსზე ეჭვით მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, ოთხშაბათს ჟურნალისტების წინაშე უცნაურად ფერმკრთალი გამოჩნდა.
ყველაზე საეჭვო კი ის იყო, რომ ჟურნალისტებმა კადიროვის მარჯვენა ხელზე სამედიცინო კათეტერი შენიშნეს. ამის ამსახველი ვიდეო რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტას" იუთუბ არხზე გამოქვეყნდა, ვიდეოფირი კი 26 მაისს გროზნოში ჩეჩნეთის ოპერატიული შტაბის შეხვედრაზე, ადგილობრივი ტელე-რადიოკომპანია „გროზნის" ჟურნალისტებმა გადაიღეს.
„ნოვაია გაზეტას" მტკიცებით, ვიდეო გროზნოს ინსტაგრამ გვერდზე დროებით გამოჩნდა, მაგრამ შემდეგ წაიშალა.
რუსულ მედიაში გავრცელებულ რამდენიმეწამიან ვიდეოს მსვლელობისას, კადიროვი მარჯვენა ხელის მაგიდის ქვეშ დამალვას უშედეგოდ ცდილობს. იგი რაღაც მომეტში მაგიდაზე ხელს დებს, რა დროსაც კათეტერი შესამჩნევი ხდება. მედია ასევე ამტკიცებს, რომ კადიროვს ფეხით გადაადგილება უჭირს, ფერმიხდილი და გამხდარია, ქოშინი და ძლიერი სისუსტე აღენიშნება - ანუ, კოვიდ-19-ის სიმპტომები.
გარდა ამისა, ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე ჩეჩნეთის ხელმძღვანელთან მასთან დაქვემდებარებაში მყოფი ოფიციალური პირები გარკვეული მანძილის დაშორებით ისხდნენ, ყველა მათგანს კი სამედიცინო ნიღაბი ეკეთა.
რუსული ოპოზიციური ტელეკომპანია „დოჟდის" ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, კადიროვი მოსკოვიდან გროზნოში საკუთარი ბიზნეს თვითმფრინავით ჩაფრინდა, მომდევნო დღეს კი კორონავირუსთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა, რისი ფოტოებიც საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა.
21 მაისს კადიროვის კორონავირუსით შესაძლო ინფიცირების შესახებ ცნობები გამოქვეყნდა, მედიასაშუელებები წერდნენ, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მოსკოვის საავადმყოფოში იმყოფებოდა და მისი ფილტვების 70% ინფიცირებული იყო, ჩეჩნეთმა კი მსგავსი განცხადებები უარყო და განაცხადა, რომ კადიროვი რესპუბლიკაში იყო და თავს კარგად გრძნობდა, რამდენიმე დღის შემდეგ იგი საზოგადოებაში ასეთი სახით გამოჩნდა.