
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესაებ ინფორმაციას სომხური საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ არმენია" ავრცელებს.
„კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში საკმაოდ რთული ვითარება შეიქმნა, ჩვენ ახლა ფაქტობრივად ვირუსის მეორე ტალღასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე.
პრემიერ-მინისტრისვე განცხადებით, სომხეთის ხელისუფლებამ იცის, თუ ეპიდემიის გავრცელება ნულამდე როგორ დაიყვანოს. ამისათვის, ფაშინიანის თქმით, მოქალაქეებმა უნდა დაიცვან სამი აუცილებელი წესი: ატარონ სამედიცინო პირბადე, დაიცვან ჰიგიენური ნორმები და შეინარჩუნონ სოციალური დისტანცია.
„სტატისტიკამ აჩვენა, რომ ადამიანებმა ვერ ისწავლეს კორონავირუსთან თანაცხოვრება, ვირუსი, როგორც მინიმუმ, ერთი წელი კიდევ მაინც იარსებებს და მასთან ადაპტირება მოგვიწევს", - დასძინა სომხეთის პრემიერმა.
27 მაისის მდგომარეობით, სომხეთში კოვიდ-19-ის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 7774-მდე გაიზარდა. 98 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3255-ს შეადგენს, ხოლო 4377 ადამიანი სტაციონარში იმყოფება.