
ქორწინების სახლები სარიტუალო მომსახურებას ეტაპობრივად განაახლებენ, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით.
ვინაიდან 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, იმ პირების ჩამონათვალი განსაზღვრა [მაქსიმუმ 9 კაცით], რომლებიც დასაქორწინებელ პირებთან ერთად შესაძლოა დაესწრონ ხელის მოწერის რიტუალს.
მინისტრის ბრძანებით, საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოგრაფი.
აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვაც.
„სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი.
სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა." - წერია მინისტრის ახალ ბრძანებაში.
ამავე ბრძანებით, ეს დროებითი წესი თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ - 2020 წლის 29 მაისიდან; ხოლო, თბილისში, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ - 2020 წლის 31 მაისიდან ამოქმედდება.